პოლიციელზე თავდასხმა არ მართლდება, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს სამართალდამცველებს - არჩილ გორდულაძე
"ბათუმელების" დირექტორის დაკავებას მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში მიუღებელია და მსგავს ფაქტებზე, მათივე თქმით, სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმა გაუმართლებელია.
"ის თავდასხმა რომ ამერიკელ ან ევროპელ სამართალდამცველზე განხორციელებულიყო, რა რეაგირება მოჰყვებოდა იმ წამს ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, იქნებოდა კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობა.
პოლიციელზე თავდასხმა არ მართლდება, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს სამართალდამცველებს, იმ სამართალდამცველებს, რომლებიც, მათ შორის, ამ ადამიანების უსაფრთხოებაზეც არიან პასუხისმგებლები", - აღნიშნა გორდულაძემ.