რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა - გერმანიის ელჩი საქართველოში
ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი ისტორიული და სასიხარულო მომენტია, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოს ეუბნება, რომ სურს საქართველოს მათთან ყოფნა.
„ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა შემდეგი: „ჩვენ საქართველო გვინდა ვიხილოთ ჩვენს კავშირში და ჩვენი კავშირი თქვენს გარეშე არ არის სრულყოფილი“. მინდა გერმანიის მაგალითი ვახსენო: მეორე მსოფლიო ომისა და ნაციზმის საშინელი პერიოდის შემდეგ ჩვენ არ გვქონდა დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო ის, რომ კვლავ დასავლეთის ნაწილი გავხდით და მოგვეცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობა დემოკრატიული ქვეყნების დახმარებით. ჩვენ გვჭირდებოდა მათი დახმარება დემოკრატიული აღმშენებლობისთვის. პლურალისტური საზოგადოება თავისუფლებათა უფლებებით - ეს იყო ევროკავშირის კეთილდღეობის მთავარი საფუძველი და ასე ვფიქრობთ ჩვენ დასავლეთის შესახებ. მისი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება, დემოკრატია, პლურალიზმი და მოქალაქეთა უფლებები. ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს, ეს დემოკრატიისა და პლურალიზმის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მე მყარად მჯერა დასავლეთის და ბედნიერი ვარ, რომ დასავლეთის მოქალაქე ვარ. როდესაც ვინმე ამბობს, დასავლეთი ასეთია, ისეთია, პირველ რიგში, ეს არ არის კონკრეტული ბრალდება და მეორე ის, რომ მე დასავლეთის უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ. ჩემთვის დასავლეთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ყველა ქვეყანა საკუთარ გზას პოულობს, საკუთარ მიმართულებას, თუმცა დასავლეთის ასეთი კრიტიკა, ვფიქრობ, არ არის კარგი არგუმენტი“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს სრულიად ახალი რეალობა გვაქვს, ვიდრე ეს იყო მაშინ.
„ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა. 2008 წლიდან ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა არსებობს ნატოსა და საქართველოს შორის. ნატო ეხმარება საქართველოს სამხედრო სფეროს მრავალი მიმართულებით: სტრატეგიის, ტაქტიკის, ოპერატიულ დარგებში. საქართველო კი ეხმარებოდა ნატოს მის მნიშვნელოვან სამშვიდობო მისიებში. ნატოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველო გახდება მისი წევრი, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ახლა უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სტრატეგიული მდგომარეობა და ვფიქრობ, ნატოსა და საქართველოს შორის კარგი თანამშრომლობის საფუძველზე ეს პროცესი ორგანულ განვითარებას პოვებს. დღეს ვერ ვიტყვი, გერმანია მომხრეა თუ წინააღმდეგი, ჩვენ პრინციპში ამის მომხრეები ვართ, ეს ნატოს გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, დანარჩენი კი თავისთავად გამოიღებს შედეგს მომდევნო წლებში“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა.