ხმა მიეცით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე – ხმის მიცემა დაწყებულია
საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე მადრიდში დღეს, 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარდგება. ფესტივალი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ქართველი კონკურსანტი შეასრულებს სიმღერას To My Mom – „დედას“.
ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. ხმის მისაცემად უნდა ეწვიოთ ბმულს https://vote.junioreurovision.tv/
საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ 3 კონკურსანტი – ანუ ანდრიასთან ერთად კიდევ ორი ნებისმიერი წარმომადგენელი – და დააჭიროთ ღილაკს VOTE. ხმის მიცემისას გამოდის ფანჯარა, რომელიც გთავაზობთ მარტივი მათემატიკური მოქმედების შესრულებას (ორი ციფრის მიმატებას, სწორი პასუხი უნდა ჩაწეროთ მოცემულ თავისუფალ გრაფაში).
წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში იმართება, 17 ქვეყანა მონაწილეობს.
გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან-მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.
ქართველი კონკურსანტის სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.