რუსეთის მიერ საქართველოს საზღვართან გახსნილი სამხედრო კომისარიატები ხვალიდან მუშაობას შეწყვეტენ
რუსეთის მიერ საქართველოს საზღვართან გახსნილი სამხედრო კომისარიატები ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან მუშაობას შეწყვეტენ. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ განაცხადა.
„სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა ნაკადი ჩაცხრა. სიტუაცია სტაბილურია. საზღვარზე გადაადგილების დამატებით მოწესრიგების აუცილებლობა აღარ არსებობს. გარდა ამისა, ფედერალური სასაზღვრო სამსახური ფლობს სრულ ინფორმაციას ყველა იმ მოქალაქის შესახებ, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ“, - წერს მენიაილო საკუთარ Telegram-ზე.
21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქეებმა ჯარში გაწვევისგან თავის არიდების მიზნით რუსეთთან სახმელეთო საზღვრის მქონე მეზობელ ქვეყნებში გადასვლა დაიწყეს, რის გამოც რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ყაზახეთისა და რუსეთ-ფინეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობები შეიქმნა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტების სიახლოვეს მობილური სამხედრო კომისარიატები გახსნა.