თეგებით ძიება

"შიგნით კაია, გარეთ ცუდი - ახლა ისე უნდა ვქნათ, რომ რაც შიგნით გვაქვს - ის გარეთ გადმოვიტანოთ და თქვენც მიხვდეთ, რომ პოლიტიკა დიდებული საქმეა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს აფასებს.

"გარეთ რომ გამოვიხედავ, მიმდინარე საზიზღრობები კი გულს მირევს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მშენებლობის პროცესს რომ ვუბრუნდები, ისევ კარგ ხასიათზე ვდგები.

ასე ვარ 2020 წლიდან.

2020 წელს, გიგას კამპანიისას, კარდაკარ, სახლიდან სახლში სიარულის და სრულიად უცნობ ადამიანებთან საუბრის დროს მივხვდი, რა დაავადება გვჭირს.

საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ.

ამიტომ ამომრჩეველი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰყავს. ამომრჩეველი და გადამრჩეველი ჰყავს სტატუს-კვოს.

და მერე უკვე ყველაფერი იმაზეა, სტატუს-კვოს შემცვლელად ვინ მოიაზრება.

ის, რომ საქართველოში პარტიები არ არსებობენ, პოლიტიკური ელიტის დანაშაულია.

პოლიტიკურმა ელიტამ ჩათვალა, რომ ქართველი ხალხი ცხვარია, რომელიც ხმას მხოლოდ კლანურად აძლევს და კოორდინატორების მეშვეობით კლანების ყიდვა დაიწყო.

როცა ყიდვაზეა - მანდ ბიძინა ყველაზე ძლიერია და ასე იქნება, სანამ გარემოებები არ შეიცვლება.

2021 წლის გაზაფხულიდან ჩვენ სხვანაირად მუშაობა დავიწყეთ.

1. პირველ რიგში ავდექით და გავფილტრეთ კოორდინატორების მოტანილი მონაცემები - დავრეკეთ ყველა ნომერზე, რომელიც პარტიულ ბაზაში მოიპოვებოდა და მრავალი ასეული ათასი ტელეფონის ნომრიდან მივიღეთ 7000 ადამიანი, რომელიც ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ტელეფონშიც ადასტურებდა.

2. დავიწყეთ ამ ადამიანებთან შეხვედრა, რომ გაგვეგო, რა ხალხია - რა უნდათ, რა ამოძრავებთ. შეხვედრებიდან გავარკვიეთ, რომ ნაწილი გულანთებული ხალხია, რომელსაც ესმის ჩვენი შინაარსი და გააზრებულად გვიჭერს მხარს. ნაწილი უბრალოდ ოპოზიციის მხარდამჭერია და ჩვენს კოორდინატორად, ან კომისიის წევრად რადგან მუშაობდა, ჩვენს სისტემაშია - ხმას ვის აძლევს, კაცმა არ იცის, იმიტომ, რომ ვერც ხვდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის რა სხვაობაა. ცხადია, მივხვდით, რომ კოორდინატორების სისტემის გაუქმება ასეთ ამომრჩეველს ჩამოშლიდა.

3. ამის პარალელურად დავიწყეთ პარტიის იდენტობის შექმნა და ამ შინაარსის სოცმედიაში გაშვება - გვინდოდა, გვენახა, ვინ მოგვყვება და მერე მათი აუდიტორიები შეგვეკრა იმისთვის, რომ შემდეგი შინაარსები სწორად დაგვემიზნებინა.

ა) თავდაპირველად ძირითადი პრინციპების ნეტში გაშვებით დავიწყეთ - ძალიან მარტივად, ვისაც ლიბერალობა და პატრიოტობა სალანძღავ სიტყვებად არ მიაჩნია, იმათი გამოხშირვით.

ბ) მერე გავართულეთ - ორი ძირითადი ხაზი გვაქვს:

- ქართველი, მაშასადამე ევროპელი - და ამ მიმართულებაზე ძალიან ბევრ შინაარსს ვუშვებთ, აქციებსაც ვაწყობთ ამაზე, აქციებზე რა შინაარსსაც ვაკეთებთ, იმას ცალკე ვებში ვუშვებთ და ვუყურებთ - ვინ რეაგირებს, ვინ მოგვყვება ამ შინაარსში.

- რუსეთი მტერია და საქართველოში კაცობრიობის წინაღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა - ამ მიმართულებაზეც ძალიან ბევრი შინაარსი კეთდება. ცხადია, ვინც ამას არ ეთანხმება, იმას უბრალოდ სანაგვეზე ვაგდებთ და ვივიწყებთ, რომ მათზე ჩვენი დრო და ენერგია არ დაიხარჯოს.

გ) ახლა კიდევ უფრო გართულდება - ახალი რესპუბლიკის შინაარსი წამოვა.

ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული ინტერესჯგუფების - მშობლების, მასწავლებლების, წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესის, ექიმების, ექთნების, ჯარისკაცების, პოლიციელების, მარტოხელა დედების, შშმ პირების, შშმ პირების მშობლების, ფერმერების ინტერესები წარმოვადგინოთ და ჩვენი შეთავაზებული შინაარსი ვის აინტერესებს, ვის მოსწონს, რამდენს ეხება - ეს ვარკვიოთ.

4. ამის პარალელურად დავიწყეთ ახალი გუნდის შექმნა.

ეს ყველაზე რთული პროცესია, იმიტომ, რომ პარტიები იმდენად დემონიზებულები არიან, რასაც ტელევიზორში ხალხი ხედავს, იმდენად სამარცხვინო და გულისამრევია ნორმალური ადამიანისთვის, რომ ძალიან რთულია განათლებულ, ღირსეულ, პატრიოტ ადამიანებს, ვისაც ბინძურ პროცესში ყოფნა არ სურს და საკუთარ თავს პატივს სცემს -

პარტიულ საქმიანობაში ჩართვა მოანდომო, პარტიის ფენომენზე წარმოდგენის სრული ამოყირავების გარეშე.

ეს ხალხი ხედავს სხვადასხვა პარტიაში ბუტაფორიებად და საკრალურ რიცხვებად წარდგენილ “ახალ სახეებს“, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ, არანაირი გავლენა არ გააჩნიათ და ასეთ არაფრებად ასრულებენ პოლიტიკურ კარიერას. ამდენად, მიმზიდველი „ახალი სახეობა“ გონიერი ხალხისთვის ნამდვილად არ არის.

ყველაზე ახლოს, ეს მე სამეგრელოში ვნახე, როდესაც მივხვდი, რომ პოლიტიკაში ჩართულობა ახალგაზრდებისთვის ვიღაც მახინჯი ძიების პლაკატების დაწებებას ნიშნავს და არაფერს სხვას - იქ, ადგილზე კი შევძელით ეს წარმოდგენა შეგვეცვალა, მაგრამ ისიც გასაგები იყო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბითაა სამკურნალო ეს დაავადება.

ამიტომ ჯერ პარტიის, როგორც ასეთის - დე-დემონიზაციის პროცესი დავიწყეთ

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი არის პოლიტიკური შინაარსის წინ წამოწევა.

ჩვენ უკვე ერთი წელია ვცდილობთ, რომ წინ დავაყენოთ შინაარსი და უკან პარტია.

ჩვენ უკვე ერთი წელია ვცდილობთ, რომ პარტია პოლიტიკური შინაარსის განხორციელების ერთერთ, მაგრამ არაერთადერთ ინსტრუმენტად ვაქციოთ.

ჩვენ უკვე ერთი წელია, ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკური პროცესი ბევრად კომპლექსურია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის საქმიანობა - რომ პოლიტიკური პროცესი ჯაჭვია და პარტია ამ ჯაჭვის ერთერთი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რგოლი - ვერ გექნება პოლიტიკური გავლენა პროცესზე, თუ პარტნიორი პარტია არ გყავს, რომელსაც შენი შინაარსი დახურულ კარს მიღმა გააქვს, რომელიც შენს შინაარსს ლობირებს სახლში თუ გარეთ.

სწორედ ამიტომ ჩვენ პროცესი კომპონენტებად დავშალეთ - იმისთვის, რომ მერე თავიდან და ჯანსაღად ავაწყოთ.

ჩვენ დავიწყეთ გაერთიანებაც.

ოღონდ გაერთიანება არა პარტიებთან - არამედ ჩვენი პოლიტიკური შინაარსის მატარებელ ორგანიზაციებთან.

შევქმენით ისეთი სივრცეები, სადაც ჭკვიან ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, პოლიტიკური შინაარსი შექმნან, პროცესში მონაწილეობა მიიღონ და პარტია აღიქვან, როგორც ამ შინაარსის განხორციელების ინსტრუმენტი, სადაც თუ მივლენ, საკუთარი შინაარსის შესასრულებლად მივლენ და არა პლაკატების დასაწებებლად.

ანდაც საერთოდ არ გახდებიან პარტიის წევრები, მაგრამ მომავალ მთავრობაში ფოლისიმეიქერებად იმუშავებენ - პოლიტიკას შექმნიან.

მოკლედ იმის თქმა მინდა - რომ შიგნით კაია, გარეთ ცუდი.

ახლა ისე უნდა ვქნათ, რომ რაც შიგნით გვაქვს - ის გარეთ გადმოვიტანოთ და თქვენც მიხვდეთ, რომ პოლიტიკა დიდებული საქმეა და მასში მონაწილეობა ღირს, თუ დიდი იდეები გაქვთ და საკუთარი და სხვების ცხოვრების გაუმჯობესება გინდათ", - წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა