ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ურთიერთობები გადაიტვირთება - კახა კალაძე
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ურთიერთობები გადაიტვირთება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, როდესაც საუბარია აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი.
„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება”. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს. ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, შესაძლებლობასაც, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეწიროს ჩემი ქვეყანა, ხალხი.
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ [აშშ-სთან] ურთიერთობის ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელ პარტიის თავმჯდომარეს (მხედველობაში მაქვს - ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი) შეურაცხყოფა მიაყენოს და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და ამით დაეხმაროს უკრაინას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ დავუშვებთ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ [საქართველოში] გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ დღეს უკრაინაშია.
ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მთავარია ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ. რაც შეეხება ურთიერთობებს, მეგობრობას, პარტნიორობას, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ურთიერთობები გადაიტვირთება.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის განცხადებები, რაც ზოგადად მსოფლიოში ევროპის მიმართ კეთდება, ზოგიერთი კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ… თქვენ შეგიძლიან ილონ მასკს სოციალურ პლათფორმა X-ზე გაჰყვეთ და ძალიან საინტერესო მესიჯებს მიიღებთ. ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ზოგადად მსოფლიოში და რა ხდება“, - განაცხადა კალაძემ.