ღარიბაშვილის იმედი მაქვს, წულუკიანის არა - რატომ აქვს ქეთი დოლიძეს პრემიერ-მინისტრის იმედი?
რეჟისორი, ქეთი დოლიძე ამბობს, რომ ხელოვნების საერთაშორისო „ფესტივალის“ საიუბილეო 25-ე წლისთავზე, კულტურის სამინისტროსგან დაფინანსება 800 000 ლარიდან 230 00 ლარამდე შეუმცირდა.
ქეთი დოლიძის შეფასებით, ეს სამინისტროს მხრიდან მის დასჯას ჰგავს.
„დამთავრდეს ეს ფესტივალი და მე მექნება რამდენიმე ძალიან მკაცრი შეკითხვა, რაზეც უნდა მივიღო პასუხი. ყველაზე მთავარი არის სირცხვილი და იმიჯი შენი ქვეყნის. აქ უკვე კონკრეტულ ადამიანებზეა ლაპარაკი, რასაც აუცილებლად მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს. კულტურის სამინისტროსთან მე არაფერს აღარ გავარკვევ, ჩემი პირველი მიზანი არის, რომ დაველაპარაკო ირაკლი ღარიბაშვილს. მგონია, რომ 25 წლით და ჩემი ბიოგრაფიით დავიმსახურე, რომ როცა მინდა შეხვედრა, შევხვდე. ჯერ კიდევ მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი. კულტურის მინისტრის იმედი არ მაქვს“, - ამბობს რეჟისორი.