გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი ყველა აქტივობას აჩერებს - თუმანიშვილის თეატრი
თუმანიშვილის თეატრი მსახიობ გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო, პროტესტის ნიშნად ყველა აქტივობას აჩერებს. თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობას გმობენ და უსამართლოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას! ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ! თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას“,- აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, გიორგი ჩაჩანიძე რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.