"ჩვენი მოტივაციაა, რომ ისეთი სისტემა დავაფუძნოთ, სადაც..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანებთან კომუნიკაციაში, მათ გამოცდილებას სულ ითვალისწინებს.
"ადრე, ერთ ჩემს მეგობარს, ჩემი აზრით კარგი იდეა შევთავაზე.
სამი დღე იფიქრა, სანამ გადაწყვეტდა და როცა გადაწყვიტა, მართლა კარგი აღმოჩნდა ის იდეა.
მეთქი რას ფიქრობდა ამდენს. ფსიქოლოგს ვკითხე მერე - კარგ ფსიქოლოგს, ბრიტანელს (ოღონდ მართლა) - ასე რატომ ქნა, რად უნდოდა ამდენი ფიქრი მეთქი.
რა გამოცდილების ადამიანზეა საუბარი, რასაც სთავაზობდი იმასთან რა გამოცდილება აკავშირებდაო - სილვიამ მკითხა.
ჩავუღრმავდი ჩემი მეგობრის გამოცდილებას და პასუხიც ვიპოვე - სადაც მიმყავდა, იმ გარემოსთან არც თუ სასიამოვნო გამოცდილება აკავშირებდა, ჩემგან განსხვავებით, თუმცა ახლა მასაც სასიამოვნო აკავშირებს.
სხვა წარსულიდან, ჩემგან განსხვავებული წარსულიდან ამოდიოდა და ჩემზე მეტი ფიქრი მაგიტომ დასჭირდა - დამეთანხმა, მაგრამ მეტი იფიქრა და ნორმალური იყო, რომ მეტი იფიქრა.
მას მერე, ადამიანებთან კომუნიკაციაში, სულ ვითვალისწინებ მათ გამოცდილებას და ისე განვსჯი.
მერე უკვე მერაბ მამარდაშვილის სიტყვებიც დაედო ამ ყველაფერს ლამაზად - რომ ჩვენში, ჩვენი წარსული ლაპარაკობს და ბოლომდე გავმართე აზრი.
როცა თქვენ გელაპარაკებით და ზოგადად, მიმდინარე მოვლენებზე აზრს გამოვხატავთ - ხშირად ისეთ აზრს, რომელიც ყურს გჭრით და დისკომფორტს ქმნის, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენში, ჩვენი წარსული ლაპარაკობს.
მათ შორის ის 9 წლიანი წარსული, რომლის შეხსენება ყველას ასე ძალიან უყვარს.
ეს წარსული ბევრს კი ერთი გვაქვს - ჩვენც და მათაც, ვინც დღეს ჩვენი თანამოაზრე აღარ არის და იდეოლოგიურად საწინააღმდეგო მხარეს დგას.
მაგრამ, განსხვავება ჩვენს შორის იმაშია, რა დასკვნები გამოვიტანეთ ამ 9 წლიანი წარსულიდან.
ჩვენ ყველა ოპონენტზე კარგად გვაქვს შესწავლილი რა ჩავარდნები გვქონდა. (რასაც ჩვენ მივიჩნევთ ჩავარდნად).
ჩვენ ყველა ოპონენტზე უკეთ ვიცით რამ გამოიწვია ისეთი სისტემური ჩავარდნები, რამაც შემდეგ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობამდე და რეაქციული ძალების გამარჯვებამდე მიგვიყვანა.
ჩვენი მოტივაციაა რომ ისეთი სისტემა დავაფუძნოთ, სადაც ძალაულების ბოროტად გამოყენების შანსი მინიმუმამდე დასული იქნება - სადაც არამართლზომიერი გავლენის რისკები მინიმუმამდე შემცირებული იქნება.
ჩვენ ვიცით, რომ სანამ ასეთ სისტემას არ დავაფუძნებთ, მანამდე ჩვენს ისტორიულ მისიას ვერ შევასრულებთ - საქართველო ვერ გახდება თავისუფალი, უსაფრთხო და წელში გამართული ქვეყანა ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის გარეშე.
ჩვენი ცოდნის მთავარი წყარო ჩვენი გამოცდილებაა.
უბრალოდ, სხვადასხვა დასკვნები გვაქვს გამოტანილი წარსულიდან ჩვენ და ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს და ჩვენ შორის დაპირისპირებებიც ამას უკავშირდება.
იმ სისტემაში, რისი დაფუძნებაც ჩვენ გვინდა, არამართლზომიერი გავლენა არ არსებობს და თავს ვერავინ გავა.
მე ვფიქრობ რომ ჩვენი სურვილი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს ემთხვევა.
რამდენად დავარწმუნებთ მოქალაქეებს, რომ ჩვენი სურვილი გულწრფელია და რაც მთავარია, ჩვენ ეს შეგვიძლია, მომავალი გვიჩვენებს.
მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ამ საქმეში მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად ვიქნებით - ისეთი სისტემის დამკვიდრების ამოცანა გვექნება, რაც ამ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს.
ყველაფერი რომ ისე გამოვიდეს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, ცხადია, იდეალური მაინც არ იქნება.
მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ყველა ალტერნატივას აჯობებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.