2022 წლის 9 თვეში, რუსეთიდან საქართველოში, 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს
2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების მთლიანი წლის მაჩვენებელზეც კი მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
ახალი ანგარიშის მიხედვით, ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყნასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს.
„რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს.
რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
ამასთან ერთად, რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება იმპორტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან შემოსული პროდუქციის წილი 10.2%-დან 13.1%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. თუმცა, ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მაღალი რისკების შემცველია. რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავტომობილო საწვავის და ქვანახშირის იმპორტის ზრდის გამო“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია.
„ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს - 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდებოდა.
2022 წელს ფულად გზავნილებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თვეში საშუალოდ 24 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა რუსეთიდან საქართველოში. გზავნილებმა სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაისში კი ერთი თვის რეკორდული თანხა - 314 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, ივნისი-სექტემბერში კი ჩამორიცხვებმა თვეში საშუალოდ 154 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1,135 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების მთლიანი წლის მაჩვენებელზეც კი მეტია. ამის შედეგად, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან ფულად გზავნილებში 40%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2015 წელს იყო. 2022 წლის აპრილი-სექტემბრის რუსეთიდან გადმორიცხვებს თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იგი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვნად გაზრდილი ნაკადებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, რომელთა ნაწილმაც საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ასეთი მაღალი ტემპით ზრდა ერთჯერადი ფაქტორია და მომავალ წელს იგივე ნიშნულზე დარჩება ან შემცირდება”, - ნათქვამია ანგარიშში.