ნიკა მელიას პეტრე ცისკარიშვილი ჩაანაცვლებს? - რას ამბობს ირაკლი კობახიძე?
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომ ნიკა მელიას ნაცვლად, „ენმ“-ს თავმჯდომარის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავოს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ამ "გეგმის" მომზადებაში ჩართულები იყვნენ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებას მელიას გვერდის ავლით ცდილობს.
"გეგმა არის ასეთი: ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში, მელია არ აძლევდა ამის საშუალებას და ახლა ცდილობს, მელიას გვერდის ავლით ეს გააკეთოს.
ასეთი რაღაც მარტივი დაპირისპირებებია იქ შიგნით და არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს ნაცმოძრაობას, ეს არის ნიკანორ მელია. ცისკარიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, იყო კეზერაშვილის ერთ-ერთი ქოლცენტრის დირექტორი უკრაინაში", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ეს არჩევნები არის მცდელობა, ორ დაჯგუფებას შორის არსებული "რადიკალური დაპირისპირება" შეიფუთოს. კობახიძე აცხადებს, რომ ეს პროცესი უხარიათ, რადგან "არალეგიტიმური პოლიტიკური სუბიექტი" ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილი არ უნდა იყოს.
"თავისი შინაარსით, რიგით მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში არის არალეგიტიმური. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, ამიტომ ჩვენ როგორი სუბიექტური ინტერესიც არ უნდა გვქონდეს, შეიძლება, ჩვენ რაღაც კუთხით გვეხმარებოდეს ნაცმოძრაობის არსებობა იმაში, რომ ვიგებთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, მაგრამ ეს არის სუბიექტური ინტერესი.
მთავარი არის ობიექტური ინტერესი, ობიექტური ინტერესი ჩვენი ქვეყნის არის ის, რომ არცერთი, თავისი შინაარსით არალეგიტიმური პოლიტიკური სუბიექტი, მით უმეტეს, ნომერ მეორე პოლიტიკური სუბიექტი, არ უნდა იყოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიხარია ის პროცესი, რომელიც წარიმართება დღეს ნაცმოძრაობაში, ამას ვამბობთ აბსოლუტურად ღიად და გახსნილად. დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი ჩვენ მიგვიყვანს ნაცმოძრაობის სრულ განეიტრალებამდე", - განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.