ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ ჩერნევი ავრცელებს.
„ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გაეგზავნება ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს“, - განაცხადა ჩერნევმა.
მისი თქმით, რეზოლუცია შეიცავს უკრაინისთვის არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას:
უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდას;
უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებას;
უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნას;
ჩერნევმა ასევე დასძინა, რომ რეზოლუცია ამტკიცებს პრინციპს, რომ ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
„ამ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ასახავს დასავლეთის საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობას და შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნების ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილების მიღებისას“, - განმარტა უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.
წყარო - mtavari.tv