თეგებით ძიება

ერთად, ერთიანობით და სოლიდარობით შევხვდეთ ახალ, 2023 წელს! - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

"სრულდება 2022 წელი. რაც იყო, იყო და ალბათ, არ გვინდა ახლა, ამას ჩავუღრმავდეთ. რაც მთავარია, ეს წელი ყველაზე მძიმე იყო ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის. მათ შეძლეს და მსოფლიოს აჩვენეს - რას ნიშნავს შემართება, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის და ჩვენი, ყველას თავისუფლებისთვის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის რას ნიშნავს ეს ბრძოლა და მას გავლილი აქვს ეს ძალიან მძიმე გზა, ამიტომაც ქართველმა ხალხმა არნახული სოლიდარობა გამოიჩინა და ყველა შესაძლო ფორმით გამოხატა თავისი მეგობარი ქვეყანის მიმართ, რომ მის გვერდით დგას; ჩვენ ბრძოლაში არ ვართ, მაგრამ ვიზიარებთ იმ მომავალსა და იმ პერსპექტივას, რომელსაც დღეს უკრაინის ბრძოლა გვიხსნის.

დღეს მსოფლიოში ორი კატეგორიის ადამიანები არიან: ვისაც სჯერა, რომ სრულდება ერთი ეპოქა, ვისაც სჯერა, რომ არაფერია მუდმივი მსოფლიოსა და გეოპოლიტიკაში და რომ ყველასთვის ახალი პერსპექტივა ჩნდება, რომ რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება თავის საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია. ეს არის ის პერსპექტივა, რაც უკრაინის ბრძოლამ გაგვიხსნა და რისთვისაც ჩვენ უზომოდ მადლიერნი ვართ.

ეს წელი ასევე, დიდი და ახალი იმედების წელი იყო, ევროპული იმედების წელი და ნაწილობრივ იმედგაცრუების. მაგრამ ჩვენ მივიღეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ევროპული პერსპექტივა, რამაც სამუდამოდ დაასრულა ის გეოგრაფიული კითხვისნიშნები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა - ვართ თუ არა ევროპაში. პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ვართ. ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ჩვენი, ქართული ღირებულებები, რაც ამავდროულად, ევროპული ღირებულებებია, არის ის, რაც დღეს გვამოძრავებს. ამას თუ დავამტკიცებთ (და ეს ჩვენში პრაქტიკულად არსებობს), ჩვენ იმ იმედგაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი, ნამდვილად, ევროპის წელი იქნება.

მოდის 2023 წელი. მინდა, ყველას მოგილოცოთ და საქართველოში ყველა ოჯახს გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება. მინდა, რომ თქვენ იყოთ წარმატებულნი, თქვენს ოჯახში შემოვიდეს მშვიდობა, დამკვიდრდეს ბედნიერება და ჯანმრთელობა.

მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ ეს მათი წელი იყოს, მათთვის არის ქართული, ევროპული მომავალი. მინდა, რომ თქვენ, ამ ქვეყანას აღარ ტოვებდეთ, და პირიქით, ბრუნდებოდეთ, რადგან დღეს, თქვენ ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებით.

მინდა, მივმართო დიასპორას, ვუსურვო ძალიან ბედნიერი წელი და ვუთხრა, რომ დღეს, ალბათ, დაბრუნების დროა, რამეთუ, ახალი, ევროპული პერსპექტივა თქვენზეცაა დამოკიდებული. თქვენ ხართ ის, ვისაც შეუძლია აქ ჩამოიტანოს სწორედ ის წესები და სტანდარტები, რომელიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ, რადგან არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც შემდეგ სხვებისგან იქნება შევსებული.

მინდა, 2023 წელი მივულოცო დღეს ძალიან მძიმე პირობებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ძალიან მძიმე პირობებში მყოფებს, რამეთუ ომი მათზე ვრცელდება პირდაპირ, თუ ირიბად და ჩვენ ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ, თქვენ გვერდზე და თქვენ გვერდით უნდა ვიყოთ, რათა ყველანაირად დავიცვათ თქვენი იდენტობა, თქვენი ენა და ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ ვიცი, ეს მონაკო იქნება, თუ სხვა რამ, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, თქვენზე უნდა ვრცელდებოდეს და ბევრად ადვილად გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება.

მინდა, ეს წელი მივულოცო ჩვენს პატრიარქს. რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ მის დაბადების დღეს. მინდა ვთქვა, რომ თქვენ ჩვენთვის მომავალი წლისთვის და შემდეგაც, ასევე, დიდი იმედის მომცემი ხართ.

მინდა ყველას მოგილოცოთ 2023 წელი და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით შევხვდეთ ამ ახალ წელს", - განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა