ცნობილია რაზე ისაუბრეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ვლადიმირ ორლიჩს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. აქვე, დადებითად შეფასდა ვაჭრობის მზარდი მოცულობა.
„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. აგრეთვე, ხაზი გაესვა, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.