თეგებით ძიება

თბილისის მცხეთასთან, ლილოსთან და რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი დასრულდა

თბილისსა და მის შემოგარენში მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train-ის) განვითარებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ინტერესის გამოხატვის (EOI) ეტაპი ოფიციალურად დასრულდა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 2026 წლის 5 აგვისტოს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვის პროცესი რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2026 წლის 11 ივნისი (30 დღე) იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ ვადამ ჯერ 13 ივლისამდე, შემდეგ - 20 ივლისამდე, მოგვიანებით - 27 ივლისამდე და ბოლოს 3 აგვისტომდე გადაიწია.

ამჟამად პროექტი განაცხადების შეფასებისა და „შორთლისტის“ (მოკლე სიის) შედგენის ეტაპზეა.

ADB-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება და სამუშაოების დაწყება 2026 წლის 30 დეკემბრიდან იგეგმება. მომსახურების ვადა 8 თვეს შეადგენს, ხოლო შესყიდვის ბიუჯეტი 393 ათასი აშშ დოლარია.

ცნობისთვის, საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა. პროექტი ორგანიზაციის კრედიტით ხორციელდება.

დავალების ძირითადი მიზნებია, ეროვნულ სარკინიგზო ქსელსა და ურბანულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებს შორის მულტიმოდალური კავშირის გაუმჯობესება, მგზავრთა მობილობის გაზრდა და რეგიონული ხელმისაწვდომობის გაძლიერება თბილისის შემოგარენში, მდგრადი ურბანული და სატრანსპორტო განვითარების მხარდაჭერა ეროვნული და მუნიციპალური პოლიტიკის ჩარჩოების შესაბამისად და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის შესაფერისი საბანკო მიზანშეწონილობის კვლევის უზრუნველყოფა.

პროექტი ითვალისწინებს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის დერეფნების განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს თბილისის აგლომერაციაში (რუსთავი, მცხეთა, ლილოს აღმოსავლეთით, მარნეული, ფონიჭალა).

„ეს ძირითადად გულისხმობს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს ახალი რკინიგზის მონაკვეთების და/ან შემოვლითი გზების მშენებლობა, მაგალითად, აეროპორტიდან რუსთავის მონაკვეთზე“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა