"ცემენტისა და მზა ბეტონის ბაზრები ძირითადად ადგილობრივი წარმოებით მარაგდება“ - როგორია სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი საქართველოში?
2022 წლიდან საქართველოში სამშენებლო სექტორი სტაბილურად აღმავალ ტრაექტორიაზეა, რასაც ხელს უწყობს საცხოვრებელი უძრავი ქონების მოთხოვნა, სამშენებლო აქტივობის ზრდა და მასალების მოხმარების ზრდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლეს კვლევაში „სამშენებლო სექტორისა და სამშენებლო მასალების ბაზრის მიმოხილვა (2026 წლის I კვარტალი)“ ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, 2022–2024 წლებში, სამშენებლო სექტორში მშპ საშუალოდ 18%-ით გაიზარდა. ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა, როდესაც მშენებლობაში მშპ წლიურად 7%-ით გაიზარდა.
„მშენებლობასთან დაკავშირებული აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება უძრავი ქონების საქმიანობის კატეგორიაში, რომელიც მოიცავს იჯარას, გაქირავების მომსახურებას, უძრავი ქონების სააგენტო ოპერაციებს და განვითარებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
2025 წლის მდგომარეობით, მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორების კომბინირებული დამატებული ღირებულება საქართველოს მთლიანი მშპ-ს დაახლოებით 17%-ს შეადგენდა“ - წერია კვლევაში.
„თიბისი კაპიტალი“ სექტორში სამშენებლო და სარემონტო მასალების საკითხსაც შეეხო. კვლევის თანახმად, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ჩინეთი არიან, სიახლოვითა და ფასის უპირატესობებით აიხსნება.
„ცემენტისა და მზა ბეტონის ბაზრები ძირითადად ადგილობრივი წარმოებით მარაგდება, ფოლადის პროდუქტები კი, კვლავ იმპორტზეა დამოკიდებული, თუმცა თვითკმარობა 2025 წელს გარკვეულწილად აღდგა.
აგური, კერამიკული ფილები და საღებავები სტრუქტურულად დაუცველ სეგმენტებად რჩება, რომლებიც ხასიათდება ადგილობრივი წარმოების შემცირებით და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით აგურით, სადაც თვითკმარობის კოეფიციენტი 2025 წელს დაეცა“ - ვკითხულობთ კვლევაში.