თეგებით ძიება

„პირდაპირ პუტინის გვამი ჩამოგვიცურა... მადლობა ამისთვის“ - რას წერს ნიკა გვარამია?

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს.

„ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ

✔ უპირველესი გზავნილი ისტორიულია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არა მგონია, ასეთი მნიშვნელობის რამე მომხდარიყოს. ცხადია, რომ რუსეთის დაშლა ურალს გამოღმა მოსკოვიად და ურალის მიმდებარედ და ურალს გაღმა ახალ სახელმწიფოებად, მხოლოდ დროის საკითხად იქცა. კიდევ უფრო მოკლე ხანში რუსეთის ატომური იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უნდა ველოდოთ;

✔ ყველას, განსაკუთრებით კი საერთაშორისო პოლიტიკის ინდივიდუალურ თუ ორგანიზაციულ აქტორებს უთხრა, რომ დასრულდა გეოპოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებით ბალანსირების დეჰუმანიზებული პოლიტიკის ერა და დაიწყო უნივერსალური ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგის ჰუმანოცენტრული ერა. ასეთია სამყაროს სულისკვეთება (Weltgeist) და დროის ეთოსი, რაც ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გამოკრისტალდა;

✔ ყველას, განსაკუთრებით კი სხვა საერთაშორისო სასამართლო ფორუმებს, უთხრა, რომ სამართალი ურმით კი არ დადის ზიგზაგებით, არამედ სიმართლის და სამართლიანობის უმოკლესი სწორხაზოვანი მარშრუტით ზებგერითი თვითმფრინავით დაფრინავს;

✔ ყველას, განსაკუთრებით კი ყველა სხვა დიდ თუ მცირე დიქტატორს, უთხრა, რომ ამორალური მაქსიმა "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ", იმის გამოც არ იმუშავებს, რომ გასამართლებულები ვერ იმარჯვებენ. პროაქტიულად აღიკვეთება განზრახვაც კი და აღარ დაელოდებიან შედეგებს;

✔ სი ძინპინს, პუტინთან შეხვედრის წინ, მკაცრად და მკაფიოდ შეახსენა, რომ ჩინეთის მიერ უიღურების მასობრივ აყრას და გადასახლებას და მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდევას მსოფლიო კარგად ხედავს;

✔ საქართველოს ხელისუფლებას, ამ გზავნილების გარდა, ისიც უთხრეს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 1992-2008 წლების ეთნიკური წმენდის შესახებ სარჩელის პროცედურული ფაზა დაუყოვნებლივ ამოწუროს და შეიტანოს ჰააგის მეორე (ICJ) სასამართლოში, რომლის მიერ ეთნიკური წმენდის აღიარება, ყველაფერ სხვასთან ერთად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ახალი გამოძიების საფუძველი იქნება;

✔ პერსონალურად მიშა სააკაშვილს უთხრა, რომ ვის და რითი ჩამოკიდებენ, ერთად შევხედოთ ახლაო;

✔ და ბოლოს, ყველას, ვინც მოთმინებით ვისხედით მდინარის პირას, არაფერიც არ გვითხრა - მოლოდინით დაღლილებს პირდაპირ პუტინის გვამი ჩამოგვიცურა 

მადლობა ამისთვის სასამართლოს,

მადლობა ამისთვის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს!

თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან“, - წერს გვარამია საპატიმროდან.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა