"თავისუფლება ლაზარეს!" - 1-ელ მაისს საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება
1-ელ მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია, სახელწოდებით - „თავისუფლება ლაზარეს" გაიმართება. აქცია 16:00 საათზეა ჩანიშნული.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილიაა“.
"21 წლის ლაზარე გრიგორიადისი რუსულ კანონთან ბრძოლისა და პროტესტის სიმბოლოდ იქცა. ლაზარე სამშობლოს სიყვარულისთვის დღეს ციხეში ზის და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი შემდგომი სასამართლო პროცესი 1-ელ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. ლაზარეს საქმის განხილვის პარალელურად, ჩაინიშნა თორნიკე აკოფაშვილის პროცესი. ხელისუფლება მასაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.
7-9 მარტის სამართლიანმა, ძლიერმა და ახალგაზრულმა პროტესტმა საქართველოს ისტორია საბედისწერო შეცდომისგან იხსნა, თუმცა ხელისუფლებამ ამ პროტესტის მონაწილეთა დემონიზებისა და სამაგალითო დასჯის გზა აირჩია.
ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსი შეუნარუჩუნეს, დღეს პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდნენ.
ამიტომ დღეს ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც ვაცნობიერებდით ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და წინააღმდეგობას ვუწევდით მას, ვალდებულად ვთვლით თავს ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლების მოყვარე ლაზარეს სისტემისგან გამოსახსნელად.
7-9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა!', - აღნიშნულია „სირცხვილიას“ განცხადებაში.
ცნობისთვის, 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს ცნობით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.