თეგებით ძიება

სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სამუშაოები დასრულდა

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის სამუშაოები დასრულდა და მოქალაქეებს, დღეიდან უკვე შეუძლიათ გადაადგილება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

საუბარია, სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდზე, რომლის დემონტაჟი და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც 15 აპრილიდან დაიწყო.

„ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ - ეს არის სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სამუშაოები. აქ არსებული ხიდი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პრაქტიკულად დაშლა მოგვიწია და ფაქტობრივად, ახალი ხიდი გაკეთდა, უსაფრთხო და ყველანაირად მოწესრიგებული,“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეიდან უკვე შესაძლებელია აღნიშნული ხიდის გამოყენება.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 4 მლნ. ლარია.

შეგახსენებთ, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟისა და ახალი გადასასვლელი ხიდის მშენებლობის მიზნით, ტენდერი იანვარში გამოცხადდა. ტენდერში შპს „ბესკომ“ გაიმარჯვა. სამუშაოები, როგორც უკვე აღვნიშნეთ 15 აპრილიდან დაიწყო და საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

მიმდინარე წლის ივლისში კი, მერიამ ახალი საავტომობილო ხიდის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა-გამოცდის მომსახურების შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის მიზანი ახალი ხიდის სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე გამოცდა, მისი ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და ჩატარებული კვლევის საფუძველზე დეტალური საინჟინრო ანგარიშისა და ექსპლუატაციაში მიღების რეკომენდაციების მომზადება იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა