პარტნიორები ასე არ იქცევიან - შალვა პაპუაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათზე, კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მხარდამჭერია. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ქართული მხარის თანადგომა იმაშიც გამოვლინდა, რომ ავღანეთში, სწორედ საქართველო იყო შტატების შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ელჩთან შეხვედრაზე მან იმედგაცრუება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მოხდა.
„ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ჩვენ ამას ვიჩენთ, მათ შორის, იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. მათ შორის იმითაც, რომ როცა უკან იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ, უმოკლეს ვადებში, ლოჯისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო ის, რომ პროცესი მთლიანად ორგანიზებული ყოფილიყო. ამ გადმოსახედიდან და ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები. როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის - მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, ამავე დროს იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე და რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო, ვერავინ ვერ გაიგო - მე ამასთან დაკავშირებით ჩემი იმედგაცრუება გამოვთქვი. ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.