საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც რუსეთისთვის ცა გახსნილია - რომან გოცირიძე
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებება ფრენების აღდგენაზე საქარველოსთვის დამაზიანებელია.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული უნდა იყოს ისეთი რეჟიმი, როგორიც მთელ მსოფლიოშია.
„როცა უვიზო რეჟიმია ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ევროპაში ცხოვრება. როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოსთან, საქართველოს მოქალაქეს ასევე 90 დღე შეუძლია რუსეთში ცხოვრება უვიზოდ. ესაა საერთაშორისო ნორმა. ხოლო დღეს არსებული ნორმა არის აბსურდული, როცა რუსეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, ერთი წლით ცხოვრობს, შემდეგ ერთი საათი გადის ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში, ან რუსეთში, შემდეგ ბრუნდება და კვლავ ერთი წლით უგრძელდება ბინადრობის უფლება საქართველოში.
ყველა ეს წესი „ქართული ოცნების“ მიერ მორგებულია სამშენებლო ბიზნესზე. ევროპულ სტანდარტზე უნდა გადავიდეთ, შემოვიდეს ტურისტი, იცხოვროს 90 დღით და წავიდეს, ერთ წლიანი ცხოვრების უფლება ნიშნავს იმას, რომ ფუძნდებიან, სკოლებს, საბავშვო ბაღებს ხსნიან და ყიდულობენ ბინებს. 11 ათასი ბინა იყიდეს”, - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.