საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება - შალვა პაპუაშვილი
გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა. თუმცა, დღეს ესეც უკვე რეალობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
,,საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ამ ისტორიულ დღეს, მადლობას, აგრეთვე, ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება მშვიდობის მნიშვნელობა. ამიტომაც, საქართველოს თავდაცვის ძალების როლი განუზომელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
განსაკუთრებული იმედით მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს ღვთისა და ჩვენი დროშის წინაშე. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სამშობლოსადმი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებით აღსავსე.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.