თეგებით ძიება

"სპეკულირება იმ თემით, რომ თითქოს „რეტროს“ პერსონალის უმეტესობას რუსები წარმოადგენენ, სიცრუეა" - "რეტროს" მფლობელის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

რესტორან “რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ობიექტის 34 თანამშრომლიდან, მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  მსურს განცხადება გავაკეთო რესტორან „რეტროში“ მომხდარ ფაქტზე: 

აღნიშნულ საქმეზე  ბრალდებულის დაცვის მხარეს წარმოვადგენ, შესაბამისად ალბათ წარმოგიდგენიათ გავრცელებული კადრების ფონზე რამხელა აგრესია  წამოვიდა  ჩემი მისამართით,  არ მოერიდნენ ჩემი ოჯახის წევრების ლანძღვას, მათ შორის გადაწვდნენ   გარდაცვლილ მამაჩემს. 

გასაგებია, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთი მხრიდან მოწოდებული კადრების ფონზე იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა საქმეში არსებობს რამდენიმე უტყუარი მტკიცებულება (სხვა ვიდეო ჩანაწერები), რომლის გასაჯაროებაც, გამოძიების ამ ეტაპზე ჩემგან,როგორც ადვოკატისგან, არაეთიკურია. აღნიშნულ ვიდეო კადრებში უამრავი მოძალადის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რაც ძალიან მძიმე სანახავი იქნება მათი ახლობლებისთვის.

აქვე, მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო: 

1. „რეტროს“ მეპატრონის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართვის ტონი არ იყო მოსაწონი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე ადამიანი დამნაშავედ შერაცხოთ და ამასთან ერთად გადმომწვდეთ მე, როგორც მის დამცველს.  

2. გამოძიებას მივაწოდეთ არაერთი ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ,,რეტროს” თანამშრომლები სცემენ თეიმურაზ ვარშანიძეს, მათ შორის ფიზიკურად უსწორდებიან წაქცეულს.

3. სპეკულირება იმ თემით, რომ თითქოს „რეტროს“ პერსონალის უმეტესობას რუსები წარმოადგენენ, არის აბსოლუტური სიცრუე. 34 თანამშრომლიდან, მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 

4. ,,რეტროს” თანამშრომლების უმრავლესობა, წლებია დასაქმებულია აღნიშნულ კომპანიაში და მათგან არასდროს მომხდარა რაიმე პრეტენზიის ან უკმაყოფილების დაფიქსირება მენეჯმენტის მიმართ, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ბოლო დღეებში მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარს და რეალურობას", - ნათქვამია  ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რესტორან "რესტროს" თანამშრომლები ობიექტის მფლობელს ძალადობაში ადანაშაულებენ და ერთ-ერთი ოფიციანტის ცემის ვიდეო გაავრცელეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რესტორნის მფლობელი დაკავებულია. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რესტორანიდან ყველა თანამშრომელი წავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა