კაფე "რეტროს" მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა - რას ამბობს პროკურატურა?
პროკურატურამ კაფე „რეტროს“ მეპატრონეს ბრალდება წარუდგინა , - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
,,საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფეს მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.