ვის დაეკისრება 1000, 2000 და 5000-ლარიანი ჯარიმები? - ნახეთ, კანონი, რომელიც მალე ამოქმედდება
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს.აღნიშნულის შესახებ განცხადებები რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.
შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული, რომლის თანახმადაც, შიდა სამგზავრო გადაყვანა სანებართვო სისტემაში მოექცევა, ავტოსადგურები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
ცვლილების შედეგად, ქვეყანაში იარსებებს საავტომობილო გადაყვანების სფეროში შემდეგი სახის ნებართვები: საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. შესაბამისად წესდება შესაბამისი მოსაკრებლებიც.
კერძოდ, პროექტის თანახმად,საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა – 500 ლარი, ასევე 500 ლარი იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, თუმცა კანონპროექტით ამ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდია დაწესებული და 2025 წლის 1-ელ მაისამდე ნებართვის აღება – 100 ლარად იქნება შესაძლებელი; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა კი, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი – 1 500 ლარი ეღირება.
რაც შეეხება სანქციებს, კანონპროექტის თანახმად, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელების შემთხვევაში პირის პირველადი დაჯარიმების თანხა შეადგენს 1 000 ლარს, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედების გამო პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ამოქმედება 2024 წლის 1-ლი თებერვლიდან იგეგმება.