იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი NATO-სთან, ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ - შალვა პაპუაშვილი
ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო NATO-სა და ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
,,იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი NATO-სთან, დემოკრატიული ინსტიტუტები NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის აპრილის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია.
ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებული იყო. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ასევე, მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად, ქვეყანა გახდა გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რასაც სხვა მაგალითებთან ერთად, ნათლად ადასტურებს ევროკომისიის 2023 წლის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე. თუმცა, როდესაც გასულ წელს საჭირო იყო რეალური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უკან დაიხია და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა,” - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.