თეგებით ძიება

შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს - ჯანდაცვის მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების კონტროლთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, სამინისტრო შეეცდება, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვების შემდეგ შექმნეს კანონპროექტი, რომელიც ქართულ რეალობაზეა მორგებული და ბავშვების გასხვისებასა და ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

„კანონი მხოლოდ სუროგაციას არ ეხება. ის მოიცავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონი მომზადებულია ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემები გადაიჭრას. ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქვეყანაში სამწუხაროდ გვქონდა, უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს არაერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ მოხვდეს და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ბავშვის გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს შეიზღუდება და დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, შევეცდებით, რომ კანონი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ. ამ სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვები გვქონდა და ის კრიტერიუმები, რომლითაც პარლამენტში ამ კანონს განიხილავენ, ჩვენს რეალობაზე მორგებულია. ამ კანონის მიხედვით, ყველა რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს, დაზღვეულია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, დონორების მოპოვებიდან სუროგაციის ჩათვლით ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება, რაც ქვეყანას, სამომავლოდ, რთული მდგომარეობის შექმნისგან იხსნის.

„ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება მაღალ რისკებს შეიცავდეს, გაშვილებასა თუ ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა შევზღუდოთ და ავკრძალოთ. ამ დრომდე, კლინიკები ყველანაირი შეზღუდვისა და კონტროლის გარეშე ფუნქციონირებდა. შეუძლებელია, ადამიანის გასხვისებისა და გაყიდვის ფაქტებს თვალს ადევნებდე და ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ გქონდეს. ახლა დონორების მოპოვებიდან სუროგაციის ჩათვლით ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება და ზუსტად გვეცოდინება, რომელი დონორები რომელი ბავშვის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინ იყო სუროგატი და ა.შ., რათა წლების შემდეგ ძალიან რთული მდგომარეობა არ მივიღოთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა