იმედი გვქონდა, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის მხარეს, თუმცა სხვა მხარე აირჩია და ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.
მისი თქმით, პრეზიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილება ზეწოლის გამო მიიღო.
"ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღიაც ეს ზეწოლა პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული; რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და, რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის. რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, გვესმის ჩვენ, მათ შორის, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად ყოველ შემთხვევაში საუბარი, თითქოს ეს იყო მოტივი ან მიზანი და ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება. ასე ვთქვათ, დეპოლარიზაცია რომ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება თუ სხვა ასეთი შეწყალებები, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა.