იმის თქმა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ქართველი ხალხის მიმართ ცინიზმია - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, „ქართველი ხალხის მიმართ ცინიზმია.“
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიზანია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეცვალონ.
„ეს თითქოს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ამის თქმაც კი უკვე ცინიზმია ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვნახეთ მეორე დღესვე, თუ რა რიტორიკა ჰქონდა ოპოზიციას, ასევე ვნახეთ, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ახლა უნდა მოვიცილოთ ეს ხელისუფლება ა.შ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის თვითმიზანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„რაც შეეხება 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენს წინსვლას, აქაც რაიმე პერსპექტივას ოპოზიციის ამ ნაწილის მხრიდან თანამშრომლობისა სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, ვინაიდან, როგორც აქამდე ბოიკოტის პროცესში იყვნენ, ახლაც ასე არიან. ამ ადამიანების თვითმიზანი არის ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. თავისთავად კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს გულისხმობს ხელისუფლებისთვის ხელშემწყობი იქნება და ეს ორი მიზანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში, მათთვის უპირველესი არის რაიმენაირად დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ. ამას ესენი უკვე ღიად აკეთებენ.სამწუხარიდ, არასამთავრობო სექტორის ნაწილიც ამ პროცესის ბოიკოტში იყო. სულ ახლახან გამოქვეყნდა მათი შეფასება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ერთი რეკომენდაცია საქართველოს შესრულებული აქვს, ევროკომისიამაც კი თქვა, რომ საქართველოს სამი რეკომენდაცია აქვს შესრულებული. ალბათ, რთულია მათ პატრიოტიზმი მოსთხოვო, რამდენად არ უნდა იყო გულშემატკივარი, თუნდაც საქართველოს ევროპული გეზისა და ევროპული ინტეგრაციისა, რომ ამდენად ვერაფერს პოზიტიურს ვერ ხედავდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.