დაჭერილი ჰყავდათ, მამას ეჩხუბებოდა სულ, ყოველ მეორე ღამეს აქ პატრული იყო - რას ამბობენ მეზობლები 20 წლის ბიჭზე, რომელმაც მამა მოკლა? (ვიდეო)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ, ანაგაში გვიან ღამით შვილმა მამა მოკლა. კაცი ადგილზევე დაიღუპა. ნათესავები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
მეზობლები ამბობენ, რომ მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ, მათივე თქმით, შვილი ხშირად იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და კაცს ფიზიკურადაც უსწორდებოდა.
"სულ ჩხუბი ჰქონდათ მამა-შვილს. მშობელს შვილისთვის ცუდი უნდოდა?! ძალიან თავისებური ბიჭი იყო, ვალებს დაიდებდა, ღვინოს იყიდიდა, ამას-იმას, მერე მამასთან მიდიოდნენ. ოჯახში სულ დავიდარაბა ჰქონდათ. პოლიციამ ერთხელ დააკავა კიდეც ეგ ბიჭი", - ამბობს მეზობელი.
კიდევ ერთი მეზობელი ყვება, რომ ადგილზე პოლიცია მიდიოდა ხოლმე.
"ეს ბიჭი პოლიციაშიც იყო, დაჭერილი ჰყავდათ, მამას ეჩხუბებოდა სულ. ყოველ მეორე ღამეს აქ პატრული იყო", - ამბობს ადგილობრივი.
სახლში, სადაც დანაშაული მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. ახალგაზრდა ეჭვმიტანილი დაკავებულია. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.