რა შეცდომებს უშვებენ მარტოხელა დედები ვაჟების აღზრდისას?
ჩვენ გვერდით უამრავი ქალია, რომელიც შვილსა თუ შვილებს მამის გარეშე ზრდის, რაც არა მარტო ფინანსურად, ფსიქოლოგიურადაც უზარმაზარი ტვირთია. უმამობა გოგონას აღზრდაზეც კვალს ტოვებს, თუმცა კიდევ უფრო დიდი დანაკლისია ის პატარა ბიჭისთვის.
რა შეცდომებს უშვებენ ბიჭის მშობელი მარტოხელა დედები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
როგორც წესი, მარტოხელა დედა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ბავშვს არაფერი მოაკლოს, სწორად აღზარდოს, გზაზე დააყენოს. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს უშვებს ის მთავარ შეცდომებსაც, რომლებიც ბიჭის მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად იჩენენ თავს. როგორც წესი, ბიჭის მშობელი მარტოხელა დედები ორ უხეშ შეცდომას უშვებენ. ესაა ზედმეტი ავტორიტარიზმი და ზედმეტი განებივრება.
პირველ შემთხვევაში დედა შვილის თვალში ავტორიტეტს იხვეჭს და დომინანტური პოზიცია უჭირავს. ამით ცდილობს, შვილი დისციპლინას მიაჩვიოს და ნამდვილი ვაჟკაცური ხასიათი ჩამოუყალიბოს. სინამდვილეში კი რას იწვევს დედის ზეწოლა? ბიჭს ეშინია დედის. ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც დედამ უთხრა და თავად არავითარი ინიციატივას არ იჩენს. როცა წამოიზრდება, ეს აუცილებლად აისახება მის ცხოვრებაზე. უკვე დავაჟკაცებული ისევ არადამოუკიდებელი და ინფანტილურია. ასეთი მამაკაცი ოჯახის საყრდენი ვერასოდეს გახდება, პირიქით სულ იმის მლოდინში იქნება, როდის მისცემს დირექტივას დედა ან ცოლი.
არც განებივრება მოგიტანთ სიკეთეს. დედას, რომელიც მარტოობისგან იტანჯება, ხშირად საკუთარი თავიც ეცოდება და შვილიც. ამიტომ შინ ყველა საქმის გაკეთებას უკრძალავს, არც მეცადინეობას აძალებს, ერთი სიტყვით, ცდილობს, ზედმეტი შრომისგან დაიცვას. ხშირად ზედმეტად ნაზადაც ეფერება და ლამის ხვევნა-კოცნით დაახრჩოს. ეს კი ბიჭუნას ნამდვილი მამაკაცური თვისებების ჩამოყალიბებაში აშკარად ვერ დაეხმარება.
თავიდან ბავშვიც ასეთივე ალერსით პასუხობს, მოგვიანებით დედა შეამჩნევს, რომ მისი ბიჭი ჭირვეული და უხასიათო გახდა. თანდათან მიხვდება, რომ ნამდვილი დედიკოს ბიჭი იზრდება, რომელსაც კდელზე ლურსმნის მიჭედებაც არ შეუძლია. ვერც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებს იღებს, ზარმაცია და დაუსაქმებელი. რაც მთავარია, ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავს უკმაყოფილებას, თუ ვინმე "ხელის განძრევას" და მუშაობას სთხოვს. როცა დაკაცდება, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, პირველ რიგში ქალებთან ურთიერთობისას. რომელი ქალი აიტანს ასეთ უჟმურსა და უსაქმურს?!
ამ შეცდომების თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია. თუ გინდათ ბიჭუნა ნამდვილ მამაკაცად აქციოთ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ.
1. ბიჭი, პირველ რიგში, დამოუკიდებელი უნდა იყოს.
2. არასოდეს შეიბრალოთ, რაკი მამა არ ჰყავს, პირიქით, მკაცრად მოექეცით.
3. ბიჭს არ სჭირდება ზემეტი ფერება და წარა-მარა დახმარება. დაე, თავად გააკეთოს ბევრი რამ, თუ არ გამოსდის, მაინც უნდა შეაქოთ და წაახალისოთ. ასეთი შექება ბაშვს მომავალშიც უბიძგებს, რომ ინიციატივა გამოიჩინოს და დედას დაეხმაროს.
4. ზოგჯერ თავად სთხოვეთ დახმარება, რათა თავი ძლიერად და საჭიროდ იგრძნოს. ეს ჩვევად ჩამოუყალიბდება და დედისთვის ყოველთვის საიმედო დამცველი იქნება. თუნდაც ეს თხოვნა სულ უმნიშვნელო იყოს, მაგალითად, მოიტანოს პური ან მტვრის გადაწმენდაში დაგეხმაროთ. მომავალში ის მეუღლესაც ასე დაეხმარება.
5. არ გადმოანთხიოთ ბავშვზე თქვენი უარყოფითი ემოციები, მითუმეტეს, მამასთან დაკავშირებით. ბავშვმა შეიძლება მშობლების დაშორებში თავისი თავი დაადანაშაულოს. თუ მამაზე კარგს ვერაფერს მოუყვებით, გალანძღვას ჯობს, რომ საერთოდ არ ახსენოთ ის.
6. არასოდე ისაუბროთ იმაზე, რა რთულია ოჯახში უკაცობა, რამდენი გაჭირვების გადატანა გიწევთ და რა ცოდონი ხართ, რომ ცხოვრებამ დაგჩაგრათ.
7. ეცადეთ, უმამო ბიჭუნას ვინმე მამაკაც ნათესავთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს. მან თავისი მისაბაძი კაცი და იდეალიც უნდა იპოვოს. ის შეიძლება ნათესავიც იყოს ან სულაც მულტპერსონაჟი. ბავშვს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბაბუასთან, ბიძასთან. გააყოლეთ მათ სათევზაოდ, მანქანის შესაკეთებლად ან მსგავსი მამაკაცური პრობლემების მოსაგვარებლად.
წყარო: mshoblebi.ge