თეგებით ძიება

„რასაც ფოტოებზე ნახავთ, მურვან ყრუს, ჯალალედინს, თემურ ლენგს, შაჰ აბასსა და აღა-მაჰმად-ხანსაც კი არ გაუკეთებიათ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს გოგა ჩანადირი?

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„რასაც ფოტოებზე ნახავთ, მურვან ყრუს, ჯალალედინს, თემურ ლენგს, შაჰ თამაზს, შაჰ აბასსა და აღა-მაჰმად-ხანსაც კი არ გაუკეთებიათ, მაგრამ გააკეთეს რუსმა ოკუპანტებმა. მათ ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის სოფლები - თამარაშენი, ძარწემი, ქვემო და ზემო აჩაბეთი, ხეითი, ქემერტი, ქურთა და კეხვი მიწისგან აღგავეს.

კერძოდ, ოკუპანტებმა 2008 წელს იქიდან ქართველები გამოაძევეს, 2010 წლამდე ყველა სახლი პირწმინდად გაძარცვეს და სახურავი გადახადეს, 2015 წლამდე კი ყველა სახლი ძირფესვიანად გააქრეს და შექმნეს შთაბეჭდილება, რომ იქ დასახლება არასოდეს ყოფილა.

კიდევ 5 წელიწადაში ნასახლარებს ბალახი დაფარავს და უკვე სოფლის ცნება საერთოდ აღარ იქნება.

იგივე საფრთხე ემუქრება პატარა ლიახვის სოფლებს, სადაც რუსებმა და ოსებმა ყველა სახლი გაძარცვეს, სახლებს სახურავი გადახადეს, რათა მერე ადვილად დაინგრას და მერე მთლიანად გააქრობენ.

ეს ფოტოები გუგლის (Google Earth) თანამგზავრული რუკების მეშვეობით ზურა ნაცვლიშვილმა (Zura Natsvlishvili) მოიპოვა, ააწყო და შეადარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

ფაქტია - რუსეთი დაუჯერებლად სასტიკია, ის სამაჩაბლოდან ქართველთა ყველანაირი კვალის გაქრობას ცდილობს.

თუმცა, ამას ვერასოდეს ეღირსება.

ჩვენმა ერმა ბევრი დარბევა გადაიტანა, იბრუნებდა წართმეულს, კვლავ ბრუნდებოდა ძირძველ მიწაზე.

ამ სინამდვილეს კომპლექსიანი პუტინწამგლეჯი ვერ შეცვლის. ისტორიის წინაშე ის მაინც უძლური იქნება.

დაკიდევ, აი, ეს არის ფაქტები, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას  უნდა წარუდგინოს და სხვა ქართული სოფლების განადგურება შეაჩეროს“, - წერს ჩანადირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა