„ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ესაა“ - 14 ივლისი ოტია იოსელიანის გარდაცვალების დღეა
მწერალი ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.
მწერლის დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს. მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. ოტიამ და მისმა ძმა მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა, იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი.
მწერალმა სკოლაში გაიცნო მისი მეუღლე ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ოტიამ პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა.
ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო.
შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას.
ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა „ქვეყნის უკეთესი ბებია", რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს, მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობელი" გამოსცა 1957 წელს.
1957 წელს ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება პოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტიას შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას - ნოველა, რომანს -რომანი... აღიარებას - აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: „ადამიანი იბადება ერთხელ", „სანამ ურემი გადაბრუნდება" და „ურემი გადაბრუნდა" (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი).
ოტია იოსელიანი ცხოვრობდა წყალტუბოში, თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. მწერალს სახლის მეორე სართული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ოტია იოსელიანს ჰყავს სამი შვილი - ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.
გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს. დაკრძალულია სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის ანდერძის თანახმად.