თეგებით ძიება

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბათუმში ასეთი მავნებლობა არ განხორციელდეს!“ - არჩილ გუჩმანიძე ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე

ბათუმის სანაპიროზე ხელოვნური კუნძულის მოწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული პროექტია, თუმცა რიკოთის უღელტეხილზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, მასშტაბური პროექტების მიმართ საზოგადოების ნდობა შემცირდა.

რა შეიძლება მოხდეს, თუ კუნძულის მშენებლობის პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც ვარაუდობენ? - ამ კითხვით Tia.ge-მ გარემოს დაცვის ექსპერტს, იქთიოლოგ, არჩილ გუჩმანიძეს მიმართა:

- როგორც უწერიათ და გეგმავენ, ისე რომ წარიმართოს, ისიც კი პრობლემას შექმნის და თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, კიდევ უარესი  იქნება. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პროექტს ბათუმის უბეზე და მთლიანად ქალაქზე კატასტროფული გავლენა ექნება. 

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- უარავი რამ. დავიწყოთ იმით, რომ პროექტი ყოველგვარი გათვლებისა და კომპეტენტური კვლევების გარეშე კეთდება, ძალიან ტენდენციურია, ქალაქის ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ ინტერესს არ გამოხატავს და ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს. 

- ხომ არ გიცდიათ, რომ კუნძულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ოფიციალური სტრუქტურებისთვის გაგეზიარებინათ?

- ჩემი მოსაზრებები სოციალურ ქსელშიც დავწერე და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოფიციალური წერილიც გავუგზავნე. კანონი ავალდებულებთ, რომ შენიშვნები გაითვალისწინონ და მე ამ შენიშვნებზე ამომწურავი პასუხი მომწერონ. მეხუთე თაობის ბათუმელი ვარ, ჩემი ოჯახი ამ ქალაქში მე-19 საუკუნის ბოლოდან ცხოვრობს. ჩემთვის ეს ქალაქი საცხოვრებელ ადგილზე მეტია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მავნებლობა არ განხორციელდეს. 

- იქნებ უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ რატომაა რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული პროექტი თქვენთვის მიუღებელი?

- მოდით ვთქვათ, რა მასშტაბზე ვსაუბრობთ... პროექტის ფართობია 144,3 ჰექტარი, ხოლო პროექტის გავლენის არეალი რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია. როდესაც ასეთი მასშტაბის პროექტი კეთდება, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გავლენას იქონიებს ის გარემოზე, იმიტომ, რომ დოკუმენტს გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება ჰქვია და აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გარემოს კომპონენტების შეფასება და ანალიზია. თუ დოკუმენტს წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ მასში მთლიანად იგნორირებულია სეზონურობის პრინციპი. ძირითადი საკითხები შესრულებულია ერთჯერადად  - 2022 წლის მაისის თვეში. როდესაც ზღვაზე და ასეთ მასშტაბურ პროექტზე ვსაუბრობთ, სეზონურობის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ზღვას მკვეთრად გამოხატული სეზონურობა გააჩნია. პროექტის ავტორებმა ოთხივე სეზონის კვლევა უნდა წარმოადგინონ და დასკვნები ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს. ისეთმა არასრულყოფილმა კვლევებმა, როგორიც დღეს გვაქვს, შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და რაღაც სხვა მიმარულებით წაიყვანოს. თავის დროზე, სხვადასხვა თანამდებობის პირები და თავად ამ პროექტის მენეჯმენტი გვარწმუნებდა, რომ უმაღლესი დონის კვლევები ჰქონდათ, რომლებსაც მსოფლიოში საუკეთესო, საერთაშორისო დონის ავტორიტეტული ორგანიზაციები ახორციელებდნენ. პირობის თანახმად, ისინი დადებდნენ კვლევებს, რომლებზეც არავის შენიშვნა და კითხვა არ გაუჩნდებოდა. სინამდვილეში რა მივიღეთ? ანგარიშში წერია, რომ კვლევა თავად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საშუამავლო საკონსულტაციო კომპანიის გავლით ჩაატარა, ანუ კუნძულის მშენებელმა საკონსულტაციო კომპანიას შეუკვეთა, ამ კომპანიამ გარემოს ეროვნული სააგენტო დაიქირავა და კვლევა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და არა რომელიმე ავტორიტეტულმა საერთაშრისო ორგანიზაციამ ჩაატარა. მარტივად რომ ვთქვათ, მოგვატყუეს. რამდენიმე წლის წინ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა გარემოზე ზემომედების შეფასების პროცედურული წარმართვა და გადაწყვეტილების მიღება. რა გამოდის, რომ სტრუქტურა რომელიც ორგანიზაციულად არის პასუხისგებელი გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე, ამ პროცესის წარმართვაზე და გადაწყვტილების მიღებაზე, ასევე კვლევის განმახორციელებელია? რა თქმა უნდა, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, რადგან არსებობს კანონი კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და შეიძლება სწორედ ამასთან გვქონდეს საქმე. ეს დამალული კი არ არის, პირდაპირ ანგარიშში წერია და ფოტოები აქვს დართული. ეს წარმოუდგენელია. სტრუქტურა, რომელიც დოკუმენტზე გადაწყვეტილებებს იღებს, სწორედ იმ დოკუმენტის შემუშავებაში არის ჩართული და ამაში ანაზღაურებას იღებს. შემკვეთისგან ფული აიღეს, კვლევა გააკეთეს და ახლა თვთონვე განიხილავენ ამ კვლევას. მეგონა, რომ ყველაფერი ნანახი მქონდა, მაგრამ ასეთი რამ არ მინახავს. არის თუ არა ეს კორუფცია და ინტერესებთან შეუთავსებლობა? ბოლოს და ბოლოს, ეს უხერხულობას არ უქმნით? 

- თქვენი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც ტყუილის ნაწილია?

- რამდენიმე საერთაშორისო (თურქული) კომპანია მართლაც დაიქირავეს, მაგრამ მათ ჩაატარებინეს კვლევები, რომ თავად კუნძულის მდგრადობა განესაზღვრათ. ეს იმისთვის ჭირდებათ, რომ გათვალონ რამდენი შენობის აგება შეუძლიათ და გავლენა როგორი ექნება ამ კუნძულს ეკოსისტემაზე და რას „დამართებს“ ბათუმის უბეს, მის უნიკალურ  მიკროეკოსისტემას, ეს კვლევა ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურამ ჩაატარა. იცით რას ნიშნავს გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება? იმას, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს მოდელირება, ეკოლოგიური პროგნოზირება, თუ კუნძული რა გავლენას იქონიებს ეკოსისტემაზე, როგორ შეიცვლება ეკოსისტემა, როგორი იქნება ეკოსისტემის ცალკეული კომპოენტები, როგორი იქნება ჯამური კომპონენტები, რა ცვლილებები მოხდება და ა.შ. ეს საერთო დოკუმენტში გაკეთებული არ არის. ჩვენ ჯერჯერობით არც მოდელირება გვინახავს და არც პროგნოზირება. ასე, რომ რეალურად, გარემოსდაცვითი შეფასება გაკეთებული არ არის. ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ კვლევა არაა განხორციელებული საკონტროლო სადგურებზე, რომლებიც დგინდება პროექტის გავლენის არეალს მოშორებით, იმ სივრცეში, რომელიც სრულად თავისუფალია პროექტის, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გავლენისგან. საკონტროლო სადგურების მონაცემების გარეშე შეუძლებელია შეფასდეს ცვლილებათა ტრენდი, როგორც მშენებლობის ეტაპზე, ისე ექსპლუატაციის ეტაპზე. არ მინდა თქვენი მკითხველი დავღალო იმაზე საუბრით კიდევ რამდენ უზუსტობას წავაწყდი. უბრალოდ გეტყვით, რომ ეკოსისტემის მოდელირება და პროგნოზირება არ გვაქვს. წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ეტაპი და არ არის წარმოდგენილი დანარჩენი ეტაპები, არ არის გაკეთებული შესაბამისი დასკვნები, არ არის კვლევა საკონტროლო წერტილებზე, არ არის წარმოდგენილი ნავთობით დაბინძურებული გრუნტების ფართობები, არ ვიცით როგორ მოხდება იმის პრევენცია და აღმოფხვრა, რომ ნავთობპროდუქტების გარემოში გაჟონვა არ მოხდეს და ა.შ. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კვლევა ძალიან შორსაა იმისგან, რასაც ეს პროექტი და ბათუმი იმსახურებს. ეს ქალაქის შეურაცხყოფაა! როდესაც ასეთი გრანდიოზული პროექტი კეთდება, ასეთი კვლევით შემოსვლა და იმის მტკიცება, რომ ამის საფუძველზე  ეს პროექტი უნდა განხორციელდეს უბრალოდ წარმოუდგენელია!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა