ფინეთში ბოლო აქტიური ქვანახშირის ელექტრო და თბოსადგურები დახურეს
1 აპრილიდან ფინეთში მოქმედმა ქვანახშირზე მომუშავე უკანასკნელმა ელექტრო და თბოსადგურებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. როგორც Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული, ელექტრო და თბოსადგურების დახურვა ჰელსინკის ენერგოკომპანია Helen-ს საშუალებას აძლევს, შეამციროს ნახშირორჟანგის ემისიები და მომხმარებლისთვის მზარდი კომუნალური გადასახადები დაარეგულიროს.
მას შემდეგ, რაც ფინეთის მთავრობამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება, 2029 წლიდან ენერგიის წარმოებაში ქვანახშირის გამოყენება აეკრძალა, ამ ინდუსტრიის ეტაპობრივი კოლაფსი დაიწყო, განახლებადი რესურსების, ქარისა და მზეს გენერაცია კი სწრაფი ტემპით გაიზარდა.
როგორც Helen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლი შირკამ Reuters-ს განუცხადა, არ არსებობს გარანტია, რომ ამიერიდან ფინეთში ერთი გრამი ქვანახშირიც აღარ დაიწვება, თუმცა დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ელექტროსადგური, რომელიც ყოველდღიურ წარმოებაში იყო ჩართული, ოფიციალურად გაუქმდა. Helen-ის გრძელვადიანი გეგმა, CEO-ს თქმით, 2030 წლისთვის ემისიების 5%-მდე შემცირება, 2040 წლიდან კი მათი ნულოვან ნიშნულამდე დაყვანაა.
აღსანიშნავია რომ Helen-ი, რომელიც ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის დაქვემდებარებაშია, ბოლო ენერგოკომპანიაა ქვეყანაში, რომელმაც ქვანახშირის წვა შეაჩერა. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სუფთა და ეფექტური ალტერნატივა კომპანიისთვის აქამდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, ზამთრის განმავლობაში ფინეთის წარმოების 20% სწორედ Helen-ის თბოსადგურებზე მოდის.
ოლი შირკა განმარტავს, რომ სუფთა ენერგიაზე ტრანზიცია იაფი არ არის, თუმცა, მიუხედავად ცვლილებისა, ფინეთში ელექტროენერგია ევროპაში, შვედეთისა და ნორვეგიის შემდეგ, ყველაზე იაფია. კომპანია ვარაუდობს, რომ აბონენტებს გათბობის ღირებულება მიმდინარე წელს საშუალოდ 5.8%-ით შეუმცირდებათ.
ქვანახშირზე მომუშავე სადგურების დახურვით Helen-ის ნახშირორჟანგის ემისიები გასულ წელთან შედარებით 50%-ით შემცირდება, რაც ფინეთის ემისიების შემცირებაში 2%-იან კონტრიბუციას შეიტანს.