პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე 2024 წელს დანამატის სახით 680 ათას ლარზე მეტი გაიცა
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე 3 698 300 ლარის ოდენობით თანამდებობრივი და 11 616 ლარის ოდენობით წოდებრივი სარგო გაიცა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატებმა 680 749 ლარი შეადგინა.
„საანგარიშო პერიოდში სამსახურის თანამშრომლებზე დანამატის სახით გაიცა 680 749 ლარი, მათ შორის 147 026 ლარი – სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დანამატის ფარგლებში; 33 647 ლარი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო დანამატის ფარგლებში; ხოლო 500 076 ლარი – დამატებითი ფუნქციებისა და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის.
2024 წელს სამსახურის თანამშრომლებზე გაიცა ჯილდო 239 800 ლარის ოდენობით.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშუალო წლიური რაოდენობის (22 (ოცდაორი) თანამშრომლის) შრომის ანაზღაურების ჯამურმა ოდენობამ 592 068 ლარი შეადგინა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.