ვიღაცებისთვის ეს საკითხი საქილიკოა, მაგრამ ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - კახა კალაძე
"ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მისი შენარჩუნება შეუძლია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს უბრალოდ, ისე არ ხდება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. ასევე, ძალიან კარგად ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას, ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ: მიუხედავად ზეწოლისა და შემოტევისა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, პარტია, ვინც ამ ქვეყანას ემსახურება, იცავს მისი და მოსახლეობის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიღაცებისთვის ეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ომი და გამოსცადა ის უბედურება, რაც მას მოაქვს. ვინ გამოიარა ეს საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად ვინ გამოსცადა? - ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა. 2008 წლის ომის დროს გინახავთ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა თავიდან? ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, გამოსცადა ჩვეულებრივმა მოსახლეობამ და გმირმა ჯარისკაცებმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული შედეგის მიღწევა ომითა და დაპირისპირებით არ უნდა მოხდეს.
„გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. უცხოეთიდან კი რა იყო? - შეშფოთება, აღშფოთება. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ, მშვიდობას დღეს არ აქვს ალტერნატივა. შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, რას ვფიქრობთ ქვეყნის გაერთიანებასა და დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს კი უნდა გავაკეთოთ არა ომითა და დაპირისპირებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, გაძლიერებითა და გონიერებით. ეს არის ჩვენი პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.