თეგებით ძიება

„მარტო ის მინდოდა ამ ტაქსისტის წინ არ მეტირა, იმ დღეს ვეღარც მე ვიმუშავე...“ - რამაზ გიგაურის ემოციური პოსტი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ე.წ. სქრინს აქვეყნებს და წერს.

„ამ კომენტარზე ძალიან გამეცინა, მაგრამ მერე ერთი ამბავი გამახსენდა. იმ ამბავმა მასწავლა, რომ ზოგჯერ შეცდომა საშუალებას იძლევა, ვიღაცის მფარველი ანგელოზი გახდე. თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც. 

ხშირად გვიანობამდე ვმუშაობ, გვიან ვიძინებ და შესაბამისად, გვიან ვიღვიძებ.

იმ დღეს რატომღაც ადრე გავიღვიძე (ეს მერე პირველი გამართლება აღმოჩნდა), ტელეფონი ჩავრთე და ის იყო მესიჯებისთვის უნდა მეპასუხა, რომ მეუღლემ დამირეკა. მარიამს გაჰყვა ბოლო მისაღებ გამოცდაზე და იქიდან მირეკავდა: „მარიამს ნერვიულობის გამო პირადობა სახლში დარჩენია. გთხოვ არაფერი უთხრა. მე ვერ ვასწრებ სახლში გამოსვლას და გამოტანას. გთხოვ, თუ მოასწრებ, გამოიტანე“.

ეს იყო შოკი!

პირადობის გამო მას გამოცდაზე არ დაუშვებდნენ. უფრო მეტიც, 1 წუთით დაგვიანებაც კი ნიშნავდა მის გამოცდის და შესაბამისად, იმ წელს უნივერსიტეტის გარეთ დარჩენას. დრო 30-35 წუთი იყო. დიღმის მასივიდან – მეტრომშენში. მიზერული შანსი იყო ან სულ არა.

ზუსტად 3 წუთში დაბლა ვიყავი და ტაქსს ველოდებოდი. როგორც იქნა გამოჩნდა ტაქსი, გავაჩერე. კარი გამოვგლიჯე და შევხტი. „ძალიან გთხოვ, სწრაფად უნდა ვიაროთ, ძალიან სწრაფად“. მან ნელა დაძრა მანქანა, ძალიან ნელა წავიდა. „სწრაფად, სწრაფად, თუ შეიძლება, მაგვიანდება“.

მან აუღელვებლად გააჩერა მანქანა და მითხრა: „გადადი ძმა, მე სწრაფად ვერ ივლი. სხვა მანქანა გააჩერე“.

რას იზამდით, ჩხუბს გაუმართავდით, ანათემას გადასცემდით, ნამუსზე ააგდებით?!

კრიზისის დროს ადამიანს ხშირად შინაგანი კომპასი აუმუშავდება ხოლმე. ჰოდა ამ „კომპასმა“ მითხრა, „გადადი მანქანიდან!“

გადმოვედი და სხვა ტაქსს დაველოდე. ეს „კომპასი“ კი მეუბნება: „წინ იარე!“

წავედი ფეხით. კი არ წავედი, გავიქეცი. ვხედავ, ტაქსია გაჩერებული. მძღოლი ბაბუ არის. პაპა – არა, ბაბუ და ტელეფონში ისე ჰკრეფს მესიჯს როგორც „ფეოლაში“ ბონდო დოლაბერიძე ანონომიურ წერილს საკუთარ თავზე: ბ. ოოოოო. ნ…ნ. დ…დ. ოოოოოო“ – ძალიან ნელა, ერთი თითით და ხმამაღლა. იმას შევუხტი მანქანაში. „გთხოვთ, მაგვიანდება, ბავშვს გამოცდა აქვს. საბუთი მიმაქვს. შეგიძლიათ სწრაფად წახვიდეთ?“

არ უთქვამს რამდენს გადავიხდიდი, არ უთქვამს საით უნდა წასულიყო, არ უკითხავს რა გამოცდა. ტელეფონი დააგდო და რასაც ჰქვია მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. სანაპიროზე რომ ჩავედით მაშინ ამოიღო ხმა: „საით უნდა წავიდეო?“ კილოზე მივხვდი, რომ მეგრელია (ბოლოს გავიგე, რომ ლტოლვილი იყო. ზუსტად აღარ მახსოვს გალიდან ან სოხუმიდან).

მეთქი აქა და აქ მივდივარ. ცოტა ხანში მეუბნება: „დიდი ბოდიში, მაგრამ ვნერვიულობ და სიგარეტს მოვწევო“.

სიგარეტის სუნს ვერ ვიტან, მაგრამ იმ წუთას ის ღმერთი იყო მიწაზე ჩამოსული ჩემი შვილის დასახმარებლად. მეთქი, მიდი. ხარბად ეწეოდა, საოცრად მანევრირებდა. ქუჩაში ქართულ-მეგრულად აგინებდა შემხვედრ მძღოლებს, მე – გულში ვლოცულობდი. შუქნიშანს არც უყურებდა. საგამოცდო ცენტრს რომ მივუახლოვდი, ჩემს ცოლს დავურეკე, ზუსტად სად უნდა მოვიდე-მეთქი?!“

„ახლა სად ხარო?“

„მეთქი, თითქმის მოვედი“.

„არ მჯერაო“.

„მოვედი-მეთქი“.

მივედით. მივუტანეთ პირადობა. 10 თუ 15 წუთი იყო კიდევ დარჩენილი გამოცდის დაწყებამდე.

გამომგლიჯა ჩემმა ცოლმა პირადობა და გაიქცა.

„ახლა რა ვქნათო?“ ეს ტაქსტისტი მეუბნება.

მეთქი, ახლა ისევ იქ წავიდეთ, საიდანაც წამომიყვანე. ბანკომატთან მივიყვანე. მოვხსენი ფული და მივეცი. ცხადია, გაცილებით მეტი.

გადაირია. ამდენი ბათუმამდეც არ ღირს და ვერ ავიღებო.

ზოგჯერ გაბრაზება მომენტალურად ვიცი ხოლმე და გავბრაზდი: „ახლა ნერვები არ მომიშალო-მეთქი“.

გადამეხვია და მეც გადავეხვიე.

„დღეს აღარ ვიმუშავებ. შვილი მყავს მკვდარი და შვილიშვილების სანახავად წავალო“.

მარტო ის მინდოდა ამ ტაქსისტის წინ არ მეტირა.

იმ დღეს ვეღარც მე ვიმუშავე ისე ვიყავი ენერგიისგან დაცლილი.

ბაბუ, შენ იმ დღეს მარიამის მფარველი ანგელოზი გახდი და დღეს რომ სტუდენტია, შენი დამსახურებაა.

ღმერთმა დალოცოს შენი შვილიშვილები და გიცხონოს შვილი”, - წერს გიგაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა