როგორ შეაჩერა მტვერსასრუტმა შავი ჭირის გავრცელება?
სახლის დალაგება დღეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. საკმარისია, რომ დრო გამონახო, საჭირო ნივთები მოიმარჯვო და საქმეს შეუდგე. ადრე დიასახლისების საქმიანობა ასე ადვილი არ იყო. სახლის დასუფთავებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა იყო საჭირო. დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახლის მოწყობილობა და ტექნიკა გამოჩნდა, რომელმაც დიასახლისებს საქმე გაუადვილა. ამ სტატიაში სწორედ მტვერსასრუტის შექმნის ისტორიაზე გიამბობთ.
დღეს მტვერსასრუტი იმდენად ბუნებრივ და ყოველდღიურ ნივთად იქცა, რომ მისი არსებობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად გვეჩვენება, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მტვერსასრუტის გამოჩენამდე დიასახლისები მტვერსა და ჭუჭყს ჩვეულებრივი ცოცხებითა და ტილოებით წმენდდნენ.
მტვერსასრუტის პირველი პატენტი 1860 წელს ამერიკელმა დენიელ ჰესმა მიიღო. პირველ მტვერსასრუტს მბრუნავი ჯაგრისი და წყლის კამერა ჰქონდა და მისი ოფიციალური სახელწოდება „ხალიჩის მხვეტავი“ იყო.
პირველი მტვერსასრუტი, რომელიც მაღაზიის დახლზე გამოჩნდა, 1869 წელს ჩიკაგოში გამოიგონეს. მოწყობილობის ჩასართავად საჭირო იყო პროპელერის ხელით დატრიალება, რომელიც მტვერს ისრუტავდა.
მტვერსასრუტების განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი ბენზინზე მომუშავე მოდელი იყო, რომელიც 1899 წელს ჯონ ტორმენტმა შექმნა. 1900 წელს კორინელიუს დაფმა ელექტროძრავიანი „მტვრის შემგროვებლის“ მოდელის პატენტი მიიღო. ის მტვერს იწოვდა და სველ ქსოვილზე აგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სისტემა მოუხერხებელი იყო, მოწყობილობა მაინც ძალიან პოპულარული გახდა.
1901 წელს ჰიუბერ ბუთმა ელექტრომტვერსასრუტი შექმნა. ის იმდენად მძიმე იყო, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად ცხენიანი ურიკა იყო საჭირო. ამ მტვერსასრუტის დახმარებით სახლის დასალაგებლად ფანჯრიდან 30-მეტრიანი მილი უნდა შეეტანათ, თუმცა ასეთი სირთულეების მიუხედავად, ეს მოწყობილობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბუთის მვერსასრუტით დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის პირები — მათ შორის, დედოფალი ვიქტორია და ბრიტანეთის ადმირალიტეტი სარგებლობდნენ. ამბობენ, რომ სწორედ მტვერსასრუტის საშუალებით მოხერხდა ბრიტანელ მეზღვაურთა შორის შავი ჭირის გავრცელების შეჩერება, რადგან მათი ბარაკები მტვრისა და ჭუჭყისგან დროულად გაწმინდეს.
მტვერსასრუტის გამომგონებლის ბედი საკმაოდ უცნაური გამოდგა — ბუთი ოქროს მონეტების ქარხანაში დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა, როცა ოქროს ქურდობაში დაადანაშაულეს. აღმოჩნდა, რომ ბუთის თანამშრომელმა მტვერსასრუტი დროულად არ გაწმენდა და მის შიგნით დიდი რაოდენობით ოქროს მტვერი დაგროვდა.
1905 წელს დაიწყო მუშაობა უფრო მსუბუქი და კომპაქტური მტვერსასრუტის შესაქმნელად. წარმატებას მხოლოდ 1912 წელს მიაღწიეს , როცა შვედმა ინჟინერმა, აქსელ ვანერ-გრენმა, რომელიც შემდგომში Elektrolux-ის დამფუძნებელი გახდა, მოწყობილობიდან საჰაერო ტუმბო ამოიღო და მის ნაცვლად ვენტილატორი დაამონტაჟა. ამის წყალობით მოწყობილობის წონა 14 კილოგრამამდე შემცირდა.
1921 წელს გამოჩნდა მტვერსასრუტის ნიმუში, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლომდე თითქმის ყველა მწარმოებელმა გამოიყენა. ეს იყო ლითონის ცილინდრი ბორბლებზე ჯაგრისითა და მოქნილი მილით.
მას შემდეგ მტვერსასრუტი სახლის დალაგების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს მტვერსასრუტი თითქმის ყველა სახლში შეგიძლიათ ნახოთ და მისი გამოყენება ბავშვსაც კი შეუძლია.
თანამედროვე მოდელები სულ უფრო კომპაქტურები, მოხერხებულები და ჩუმები ხდებიან. დღესდღეობით კი ყველაზე პოპულარულია რობოტი-მტვერსასრუტი, რომელიც სახლის დაწკრიალებას ადამიანის დახმარების გარეშე ახერხებს.