თეგებით ძიება

საინტერესო ფაქტები როზეტის შესახებ

სხვადასხვა ფერისა და ფორმის როზეტები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მათ არსებობას იმდენად მივეჩვიეთ, რომ ვეღარც ვამჩნევთ, თუმცა ისინი ჩვენი კომფორტის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამ სტატიაში როზეტების შესახებ რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ, რომლებიც, შესაძლოა, არ იცოდით.

როზეტის შექმნის ისტორია

როგორც ბევრი სხვა თანამედროვე გამოგონება, როზეტიც ელექტროენერგიის სწრაფი განვითარების შედეგია. პირველი როზეტი ამერიკელმა ჰარვი ჰაბელმა 1904 წელს დააპატენტა. ძველი როზეტები თანამედროვეებს არ ჰგავდნენ - ისინი საკმაოდ დიდები და მოუქნელები იყვნენ, თუმცა სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი სტანდარტს, რომელიც დღეს გვაქვს.

სტანდარტების მრავალფეროვნება

მსოფლიოში დაახლოებით 15 განსხვავებული ტიპის როზეტი  და ჩამრთველია (ე.წ. შტეფსელი). მაგალითად, აშშ-სა და კანადაში 120 ვოლტიანი A და B ტიპის როზეტებია, როცა ევროპასა და აზიის უმეტეს ქვეყნებში  220-240 ვოლტიანი  C და F ტიპები გამოიყენება. ასეთი განსხვავება ისტორიულ და ტექნიკურ ფაქტორებს, ასევე ელექტროსისტემების საწყის ეტაპებზე გლობალური კოორდინაციის არარსებობას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ზოგ ქვეყანაში უნიკალური სტანდარტები გამოიყენება.  მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გავრცელებულია G ტიპის როზეტა დამახასიათებელი სამპინიანი  კონსტრუქციით. ეს დიზაინი მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვინაიდან თითოეულ შტეფსელს  ჩაშენებული დამცავი აქვს.

როზეტები დამატებითი ფუნქციებით

თანამედროვე ტექნოლოგიებმა როზეტების ფუნქცია მნიშვნელოვნად გააფართოვა. დღეს შეგიძლიათ ნახოთ მოდელები USB-პორტებით, როზეტები ტაიმერით, რომლებიც განსაზღვრული დროის შემდეგ ავტომატურად ითიშებიან ან მოდელები მოძრავი სენსორით, რომლებიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაირთვება.

განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. "ჭკვიანი როზეტი" იმსახურებს, რომელიც სმარტ-სახლის სისტემებთან ინტეგრირდება. მისი დახმარებით შესაძლებელია მოწყობილობების დისტანციურად მართვა სმარტფონით, ასევე ენერგომოხმარების მონიტორინგი.

დიზაინი

როზეტების დიზაინი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა ხელმისაწვდომია მოდელები მოძრავი მექანიზმებით, რომლებიც როზეტს ფარავს. არსებობს მბრუნავი როზეტებიც, რომლებსაც ელექტრო ჩანგალი ნებისმიერი კუთხიდან უკავშირდება, რაც მოსახერხებელი და ესთეტიკურად მიმზიდველია.

ასევე არსებობს უნივერსალური როზეტები მოგზაურებისთვის – მათი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა სტანდარტის შტეფსელების შეერთება, რაც მგზავრობისას ძალიან მოსახერხებელია.

უსაფრთხოება 

თანამედროვე როზეტების უმეტესობა ბავშვების დაცვის მიზნით დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმებითც აღჭურვილია. ისინი ხელს უშლიან როზეტში უცხო საგნების შემთხვევით მოხვედრას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა ელექტროძაბვისგან დაცვის მექანიზმი – ასეთი როზეტები თქვენს ტექნიკას ელექტროენერგიის უეცარი ცვალებადობისგან იცავს.

საინტერესო ფაქტები

თანამედროვე თვითმფრინავებში გამოიყენება სპეციალური როზეტი, რომელიც 115 ვოლტ ძაბვასა და 400 ჰერც სიხშირეზე მუშაობს, რაც ავიაციური ტექნიკის სტანდარტებს შეესაბამება.

არსებობს წყალგაუმტარი როზეტები, რომლებიც საცურაო აუზებსა და აკვაპარკებში გამოიყენება.

ელექტრომობილების პოპულარობის ზრდამ განაპირობა სპეციალური დამტენი სადგურების შექმნა, რომლებიც ფაქტობრივად, მძლავრი როზეტებია.

დასკვნა

როზეტის ევოლუცია გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მარტივი გამოგონება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს.  ასე რომ, როცა როზეტში რაიმე მოწყობილობას ჩართავთ, დაფიქრდით იმ გრძელ გზაზე, რაც ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანმა მოწყობილობამ გაიარა.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა