რა აკავშირებს ლეონარდო და ვინჩის ვენტილიატორთან? - გამაგრილებელი მოწყობილობის გამოგონების ისტორია
ვენტილატორი არის მექანიკური მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ჰაერის გადასაადგილებლად, სითბოს გასაფანტად და ტემპერატურის შესამცირებლად. რთულია ზუსტად განვსაზღვროთ როდის მოხდა პირველი ვენტილატორის შექმნა, თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ საცხოვრებელ სახლებში ეფექტური ვენტილაციის სისტემის შექმნის მცდელობა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა.
სწორედ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს სამუშაო სივრცეების ისე მოწყობა, რომ კედლების განლაგება ჰაერის სწორ მოძრაობას ხელს უწყობდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვენტილატორის უძველესი ანალოგი ბუმბულისგან, პალმის ან ლოტოსის ფოთლებისგან დამზადებული მარაო იყო.
ვარაუდობენ, რომ ვენტილატორის განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ვერტმფრენი იყო — მოწყობილობა, რომელიც ვერ გაფრინდა, მაგრამ ჰაერის ძლიერი ნაკადი შექმნა. ეს მოსაზრება საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიას საფუძვლად ლეონარდო და ვინჩის გამოგონება უდევს.
პირველი მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ჰაერის ნაკადს ქმნიდა, XVI საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. ახლო აღმოსავლეთის მმართველებს თავიანთი სასახლეების ჭერზე თოკით დაკიდებული ჰქონდათ დიდი ხის ჩარჩო (პანკა), რომელზეც ტილი იყო გადაკრული. მსახურებს მბრძანებლის გასაგრილებლად, თოკის დახმარებით ჩარჩოს რხევა უწევდათ.
დღეისთვის ვენტილატორების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ღერძული და რადიალური. მათი განვითარების ისტორია ისევე განსხვავებულია, როგორც მათი მოქმედების პრინციპები.
ღერძული ვენტილატორი
ინდივიდუალური ვენტილაციის სისტემების განვითარება XIX საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში დაიწყო. 1830 წელს ამერიკელმა ჯეიმს ბარონმა მიიღო პატენტი ვენტილატორის მსგავს მოწყობილობაზე, რომელიც ფირფიტის მსგავსი, მარტივი მოწყობილობის დახმარებით ჰაერის ნაკადს ქმნიდა.
რამდენიმე წლის შემდეგ „ფირფიტა“ ფრთებად დაყვეს და ვენტილატორმა თანდათან თანამედროვე სახე მიიღო, თუმცა, მისი ამოძრავების პრობლემა კიდევ დიდხანს გადაუჭრელი დარჩა. ზოგ ქვეყანაში ვენტილატორების ბრუნვა წყლის ნაკადით ხდებოდა, მოგვიანებით ამ მიზნით ორთქლის ენერგია და ძრავები გამოიყენეს, რომლებიც ნავთით ან სპირტით მუშაობდნენ.
1832 წელს რუსეთში მეცნიერმა საბლუკოვმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი ცენტრიდანული ვენტილატორი.
1882 წელს ფილიპ დილმა გამოიგონა ჭერის ვენტილატორი, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი, როგორც დილის ჭაღი, რადგან მასზე განათების ჩამოკიდებაც დაიწყეს. შედეგად, შეიქმნა ორ ფუნქციანი მოწყობილობა, რომელიც ანათებდა და ასევე ჰაერის ნაკადს ქმნიდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიოში პირველი ელექტრო საყოფაცხოვრებო ვენტილატორი გამოჩნდა, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა შექმნა.
XIX საუკუნის ბოლოს ელექტრული ვენტილატორების მასობრივი წარმოება დაიწყო. პირველმა ამას ამერიკულმა კომპანია Crocker & Curtis მიაღწია. მაგიდის ვენტილატორებმა მალე ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მიიღეს.
რადიალური ვენტილატორი
თუ ღერძული ვენტილატორების „წინაპარი“ უფრო ადამიანის გაგრილების მიზნით შეიქმნა, რადიალური ვენტილატორები თავიდანვე დიდი ჰაერის მასების ტექნიკური მიზნით გადასაადგილებლად გამოიგონეს.
პირველი ამ ტიპის ვენტილატორი ოტო ფონ გერიკეს მიერ 1640 წელს შექმნილი ერთსაფეხურიანი კომპრესორია.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჯეიმს ვატმა ორთქლზე მომუშავე ჰაერის მანქანა გამოიგონა, ხოლო ვილკინსონმა ორ-საფეხურიანი კომპრესორი დააპატენტა.
პირველი ცენტრიფუგული ვენტილატორი რუსეთში გამოიგონეს. 1832 წელს გენერალ-ლეიტენანტმა ალექსეი საბლუკოვმა ასეთი ვენტილატორის პროტოტიპი წარმოადგინა. ვენტილატორი მოძრაობაში ორ ადამიანს მოჰყავდა ის 2000 მ³/სთ სუფთა ჰაერის მიწოდებას უზრუნველყოფდა. ასეთი მოწყობილობები ტყავის და შაქრის ქარხნებში მალე გავრცელდა. 1838 წელს საბლუკოვმა თავისი ვენტილატორი გააუმჯობესა და პირველი ცენტრიფუგული ტუმბო შექმნა.
დღეს Ostberg AB მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი არხული ვენტილატორების მწარმოებელია.
და ბოლოს, 18 სექტემბერს აშშ-ში ჭერის ვენტილატორების დღე აღინიშნება.