თუ სარეცხი მანქანის ყიდვას გეგმავთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ
სწორად შერჩეული სარეცხი მანქანა მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც ყოველდღიურ შრომას დიდი ხნის განმავლობაში გაგიადვილებთ. მთავარია, ისეთი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე მეტად მოერგება!
როგორ შევარჩიოთ სწორად?
პირველ რიგში, გაიაზრეთ, რა ტიპის ტანსაცმელი, რა სიხშირით და რა მოცულობით უნდა რეცხოთ. მაგალითად, გჭირდებათ თუ არა პროგრამა საბნებისა და პალტოების რეცხვისთვის? იქნებ ისეთი მოდელი გირჩევნიათ, რომელსაც ბავშვის ტანსაცმლისთვის სპეციალური რეცხვის რეჟიმი აქვს?
ასევე მნიშვნელოვანია ზომა და დიზაინი – სარეცხი მანქანა თქვენი სააბაზანოს ან სამზარეულოს სივრცეში უნდა ჩაეტიოს და სტილსაც მოუხდეს. მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ სარეცხი მანქანის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
ზომები და განთავსება
დიდი ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევამდე, პირველ რიგში, მისი განთავსების ადგილი უნდა შეარჩიოთ. ყველაზე ხშირად სარეცხ მანქანებს აბაზანაში ან სამზარეულოში აყენებენ.
ფრონტალური ჩატვირთვის (წინა მხრიდან ჩასატვირთი) მოდელები, როგორც წესი, 60-65 სმ სიგანისაა, ხოლო უფრო მცირე ზომის ვარიანტები – 50-55 სმ. მანქანის სიღრმე 45-50 სმ-ს შეადგენს, თუმცა მილებისთვის 3-5 სმ დამატებითი სივრცეც დაგჭირდებათ.
სარეცხი მანქანების სიმაღლე უმეტეს შემთხვევევებში, 80-85 სმ-ია. თუ გსურთ, რომ მანქანა სამზარეულოს მაგიდის ქვეშ მოათავსოთ, მისი სიმაღლე უნდა გაითვალისწინოთ.
ცალკე მდგომი თუ ჩასაშენებელი?
სარეცხი მანქანა შეიძლება ცალკე მდგომი ან ჩასაშენებელი იყოს. ცალკე მდგომი მოდელები უფრო პოპულარულია, რადგან მათი დაყენება ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ – აბაზანაში, სამზარეულოში, სათავსოში და ა.შ. თუ გსურთ, რომ სარეცხი მანქანა სამზარეულოს ავეჯს შეერწყას და ინტერიერის ნაწილი გახდეს, ჩასაშენებელი მოდელი იდეალურია.
ჩატვირთვის ტიპი
ფრონტალური ჩატვირთვის დროს სარეცხი მანქანის კარი წინა მხრიდან იხსნება, რაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან კარი თითქმის 180 გრადუსით იღება და დიდი ზომის ნივთებს ადვილად მოათავსებთ.
ვერტიკალური ჩატვირთვის დროს სარეცხი ზემოდან იტვირთება, რაც გვერდით სივრცეს ზოგავს, თუმცა, ასეთ მოდელში დიდი ზომის სარეცხს, მაგალითად, საბანს ვერ მოათავსებთ.
ძრავი
თანამედროვე მოდელებში ინვერტორული ძრავები გამოიყენება. ასეთი ძრავა უფრო მდგრადია, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ჩუმად მუშაობს.
ინვერტორული ძრავა შემდეგი უპირატესობით გამოირჩევა:
ენერგოეფექტურობა – ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავს.
მინიმალური ხმა და ვიბრაცია – მანქანა ჩუმად მუშაობს.
სიჩქარის სტაბილურობა – სპეციალური მექანიზმი დოლურას ბრუნვის სიჩქარის ოპტიმალურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მაღალი ეფექტურობა – სხვა ძრავებთან შედარებით, 20-30%-ით მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს.
ბრუნვის სიჩქარე – ინვერტორულძრავიანი მანქანები ტანსაცმელს სწრაფად და თითქმის უხმაუროდ წურავენ.
რეცხვისა და წურვის ხარისხი
სარეცხი მანქანის ხარისხი გარეცხილი სარეცხის სისუფთავით განისაზღვრება. თანამედროვე მოდელებში საუკეთესოა A კლასი, რომელიც რთულ ლაქებსაც კი ადვილად უმკლავდება.
გაწურვის ხარისხი შესაბამისი კლასით განისაზღვრება – რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო ნაკლები ტენი რჩება სარეცხში.
A კლასი – ტენიანობა 45%-ზე ნაკლები
B კლასი – 54%-მდე
C კლასი – 63%-მდე
D კლასი – 72%-მდე
E კლასი – 81%-მდე
F და G კლასი – 90% და მეტი.
ოპტიმალურ ვარიანტად B და C კლასი ითვლება, რადგან ის ზედმეტი ენერგიის მოხმარების გარეშე სარეცხის უფრო სწრაფად შრობას ეხმარება.
გაწურვის სიჩქარე დამოკიდებულია დოლურას ბრუნვის სიჩქარეზე. თანამედროვე მოდელებში ეს მაჩვენებელი წუთში 1000-1400 ბრუნს აღწევს. სიჩქარის შერჩევა დამოკიდებულია ქსოვილის ტიპზე:
ფერადი ბამბა, შალი და აბრეშუმი – 400 ბრუნი/წუთში
სინთეტიკა და სპორტული ტანსაცმელი – 600-800 ბრუნი/წუთში
ჯინსი, ბამბის ქსოვილები, პირსახოცები – 1000 ბრუნი/წუთში.
წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯი
სარეცხი მანქანის ენერგოეფექტურობა ორი მაჩვენებლით განისაზღვრება – სიმძლავრით (Watt) და წლიური ენერგომოხმარებით (kWh).
ოპტიმალური ვარიანტია:
სიმძლავრე – 1650-1750 W
წლიური ენერგომოხმარება – 148-152 kWh
A კლასის მანქანები ყველაზე ენერგოეფექტურია და 1 კგ ბამბის სარეცხის 60°C ტემპერატურაზე გარეცხვაზე 190 W-ზე ნაკლებს მოიხმარს.
წყლის მოხმარება კონკრეტული მოდელის მიხედვით იცვლება, თუმცა სტანდარტულად, ერთ ციკლში 45-52.5 ლიტრს შეადგენს.
ხმაურის დონე
საუკეთესო სარეცხი მანქანა ისაა, რომლის ხმა მუშაობის დროს არ გესმით. თანამედროვე სარეცხ მანქანებში ორი ხმაურის დონე განისაზღვრება: რეცხვისა და გაწურვის რეჟიმებში.
ხმაურის დონე რეცხვის დროს – საშუალოდ 60 დეციბელი.
ხმაურის დონე გაწურვის დროს – 72-75 დეციბელი.
თუ გინდათ, რომ ღამით მანქანის მუშაობის ხმამ არ შეგაწუხოთ, უმჯობესია შედარებით „ჩუმი“ მოდელი შეარჩიოთ.
და ბოლოს, სარეცხი მანქანის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ძრავის ტიპს, გაწურვის კლასს, ენერგოეფექტურობას და ხმაურის დონეს – ასე საუკეთესო არჩევანს გააკეთებთ.