დაივიწყეთ გაზქურასთან ტრიალი - 5 მიზეზი, რატომ უნდა გქონდეთ სამზარეულოში მიკროტალღური ღუმელი
მიკროტალღური ღუმელი დიდი ხანია, თანამედროვე სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი გახდა. მის გარეშე გაყინული პროდუქტის სწრაფად გალღობა და მომზადება თითქმის წარმოუდგენელია. იცით, როგორ მუშაობს მიკროტალღური ღუმელი? ღუმელის ტალღები ზემოქმედებენ წყლის მოლეკულებზე, რომლებიც ნებისმიერ პროდუქტშია და შიგნიდან აცხელებენ. სწორედ ამიტომაც მიკროტალღურ ღუმელში საჭმელი გაცილებით სწრაფად მზადდება და უფრო მეტ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს.
ხშირად კითხულობენ — საჭიროა კი მიკროტალღური ღუმელი, როცა სხვა მოწყობილობებიც არსებობს? მოკლედ გეტყვთ დიახ! აი რატომ:
გალღობა
მიკროტალღური ღუმელის ერთ-ერთ მთავარი უპირატესობა გაყინული პროდუქტის სწრაფი გალღობაა. თუ ღუმლი გაქვთ, გაყინული ხორცის ან ქათმის გასადნობად საათობით ლოდინი აღარ დაგჭირდებათ - ღუმელი ამას რამდენიმე წუთში გააკეთებს, თქვენ მხოლოდ პროდუქტის წონა უნდა მიუთითოთ და გალღობის რეჟიმი ჩართოთ. 300-500 გრამიანი ხორცის ნაჭრის გადნობას 15-დან 30 წუთამდე დრო დასჭირდება. ზოგ მოდელს სხვადასხვა პროდუქტისთვის (ხორცი, თევზი, ფრინველი) ავტომატური რეჟიმებიც აქვს.
გაცხელება
კიდევ ერთი დანიშნულება, რომელიც ყველა მიკროტალღურ ღუმელს აქვს უკვე მომზადებული კერძის სწრაფად და მარტივად გაცხელებაა, რაც ბავშვსაც კი შეუძლია. გაზქურასთან ტრიალი და ქვაბების და ჯამების ძებნა საჭირო არაა. შეგიძლიათ კერძი თეფში დაასხათ, ღუმელში მოათავსოთ და 2-3 წუთი გაცხელებას დაელოდოთ. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ საკვების გაცხელების დროს მიკროტალღური ღუმელის სპეციალური ხუფი უნდა გამოიყენოთ — სითბოც თანაბრად განაწილდება და ღუმელიც სუფთა რჩება.
კერძის მომზადება
მიკროტალღურ ღუმელში უამრავი სხვადასხვა კერძის მომზადება შეგიძლიათ: ჩიფსები, ომლეტი, მოხარშული ბრინჯი, გამომცხვარი კარტოფილი, თევზი, ბატიბუტი და ა.შ. ! უბრალოდ აირჩიეთ რეჟიმი, პროდუქტი წონა და საქმეს შეუდექით.
გრილი
მიკროტალღური ღუმელები გრილის ფუნქციით საშუალებას გვაძლევენ, რომ კერძები მაღალ ტემპერატურაზე მოვამზადოთ. ასეთი ღუმელი იდეალურია ხორცის, ქათმის, თევზის, ბოსტნეულის, დესერტების ან პიცის მოსამზადებლად. ზოგ მოდელს სპეციალური ლითონის ბადე მოჰყვება, რომელიც თანაბარ გამოცხობას უზრუნველყოფს.
ცხობა
მიკროტალღური ღუმელის დამსახურებით უგემრიელესი „ლავა ქეიქის“ მომზადება რამდენიმე წუთში შეიძლება. საკმარისია ინგრედიენტები ჭიქაში ჩაყაროთ, მოურიოთ და ღუმელში შედგათ. რამდენიმე წუთში უგემრიელესი დესერტი მზად იქნება. გთავაზობთ ორ მარტივ და სასარგებლო რეცეპტს, რომელიც მიკროტალღური ღუმელის შეძენის შემდეგ ძალიან გამოგადგებათ.
შოკოლადის კექსი (ლავა ქეიქი) ჭიქაში:
ჭიქაში აურიეთ: 4 ს/კ ფქვილი, 2 ს/კ კაკაო, 2 ს/კ შაქარი, 1/4 ჩ/კ გამაფხვიერებელი, 3 ს/კ რძე, 2 ს/კ ზეთი. თქვნი გემოვნებით დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები, მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში და დაახლოებით 2 წუთის შემდეგ გამოიღეთ. გემრიელად მიირთვით პირდაპირ ჭიქიდან!
კარტოფილის ჩიფსები
დაჭერით კარტოფილი წვრილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და სურვილისამებრ, სანელებლები. დაალაგეთ კარტოფილი მიკროტალღური ღუმელის თეფშზე ერთ ფენად. ჩართეთ ღუმელი სრული სიმძლავრეზე. კარტოფილი დროდადრო გადააბრუნეთ და დაახლოებით 5-7 წუთის შემდეგ გამოიღეთ.
და ბოლოს, უამრავი სასარგებლო ფუნქციის მიუხედავად, არსებობს ვარაუდი, რომ მიკროტალღური ღუმელის მაღალი სიხშირის ტალღები ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მიკროტალღური ღუმელების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა, თუ მოწყობილობა გამართულია და მომხმარებელი ინსტრუქციაში მითითებულ რეკომენდაციებს და წესებს ზედმიწევნით იცავს. ამასთან, თანამედროვე ღუმელები ისეა დაცული, რომ რადიაციის გაჟონვის საფრთხე თითქმის არ არსებობს ან მინიმალურია. ასე რომ, თუ ღუმელი ტექნიკურად გამართულია, ადამიანის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.