მიხეილის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირამდე - თბილისის საუკეთესო უბნის ისტორია
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ისტორიულად მდიდარი რაიონი – ჩუღურეთი, კულტურული მემკვიდრეობის 550-მდე ძეგლს აერთიანებს. ამ რაოდენობით ჩუღურეთი დედაქალაქში არსებულ ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაახლოებით მესამედს წარმოადგენს. განსაკუთრებით გამოირჩევა ყოფილი პლეხანოვი – დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი, რომელიც ასწლოვანი სახლებით, თბილისური ეზოებითა და უნიკალური სადარბაზოებით დღესაც ინარჩუნებს ძველი ქალაქის იდენტობას.
მე-18 საუკუნის განმავლობაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს გამზირი გადაჭიმულია, კუკიის ტყე იყო. მისი განვითარება და დასახლება კი მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1817 წლიდან კუკიის ჩრდილოეთ ნაწილში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს „ახალი კუკიის“ განვითარებაში და საფუძველი ჩაუყარეს ამ ისტორიული უბნის ჩამოყალიბებას.
1844-1854 წლებში, მიხეილ ვორონცოვის – კავკასიის მეფისნაცვლის – მმართველობისას, კუკია ოფიციალურად შეუერთდა თბილისს. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო აღმაშენებლის გამზირის ჩაყრაც. თავდაპირველად, ქუჩას მიხეილის გამზირი ეწოდებოდა – დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის პატივსაცემად. ახალ რაიონში მოეწყო 32 ქუჩა, დაირგო ჭადრები და პირველად თბილისში დაიგო ტროტუარი.
რაიონის ურბანული განვითარება თვალსაჩინოდ აისახება სხვადასხვა პერიოდის რუკებზე: 1844 წლის რუკაზე კუკია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, 1867 წლისთვის უბანი უკვე ფორმირებულია, ხოლო 1902 წლის რუკაზე ქუჩების განლაგება თითქმის სრულად ემთხვევა დღევანდელს.
1918 წელს, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალების შემდეგ, გამზირს მის პატივსაცემად პლეხანოვის სახელი ეწოდა. ეს სახელწოდება შენარჩუნდა 1990 წლამდე, როდესაც გამზირს ქართული ეროვნული გმირის, დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა.
2010 წლის იანვარში დაიწყო გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია: აღდგა ავთენტური არქიტექტურული იერსახე, განახლდა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები და ქუჩის განათება. სარესტავრაციო სამუშაოები 2011 წლის ნოემბერში დასრულდა და გამზირი საზეიმოდ გაიხსნა.
2018 წელს ამერიკულმა გამოცემამ Forbes პლეხანოვი მსოფლიოს 12 ყველაზე მიმზიდველ უბანს შორის დაასახელა. ავტორის თქმით, ეს ადგილი, რომელსაც წარსულში საბჭოთა ურბანული იერი ჰქონდა, სწრაფად იქცა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და სიცოცხლით სავსე სივრცედ. ძველი შენობების რენოვაციამ უბანს ახალი სიცოცხლე შთაბერა და თბილისელების საყვარელ ადგილად აქცია.
აღსანიშნავია „ფაბრიკას“ მაგალითიც – ყოფილი სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც დღეს მრავალფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნა. იგი აერთიანებს სასტუმროს, კაფეებს, ბარებს, კო-ვორქინგ სივრცესა და ხელოვნების მოედანს, რაც მას კრეატიული ადამიანებისა და ტურისტების მუდმივ თავშეყრის ადგილად აქცევს.
აღმაშენებლის გამზირზე მაღალი ტურისტული აქტივობა პირდაპირ აისახა უძრავი ქონების ბაზარზეც. იზრდება მოთხოვნა როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საოფისე ფართებზე – განსაკუთრებით საინვესტიციო თვალსაზრისით. ძველი ქალაქის შარმით და თანამედროვე ფუნქციურობით გამორჩეული გამზირი დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს.