თეგებით ძიება
02. 09. 2025 ისტორია

იენირაბათის ეკლესია - დაკარგული რელიგიური ძეგლი

იენირაბათის (ახალდაბის/ლონგოთხევის) ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ისტორიული კლარჯეთის ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების სოფელში. იენირაბათი ქართულად ახალ რაბათს ნიშნავს. მეცხრამეტე საუკუნეში ამ მიდამოებში დასახლებული სომხები ამ ადგილს ნორაშენს უწოდებდნენ, რაც ქართულად ახალ ადგილს ნიშნავს და თ. ჟორდანიას მოსაზრებით ისტორიულ წყაროებში მიკვლეულ ტოპონიმ ახალდაბას შეესატყვისება. ეს დასახლება არტანუჯის მიდამოებში ყოფილა: სინოდ. კანტორის გუჯრებში იპოვება სიგელი 349, რომელიც XV-ს-ის პირია ძველი გუჯარისა 1392 წელს დაწერილი ალექსანდრე მეფის სახელით [იმერთა მეფე ალექსანდრე]. ესაა მცხეთის საეკლესიო მამულების სია, სადაც წერია: „...არტანუჯის ციხე და მისი შესავალი; მუნვე სოფელი ციხის-ძირი; ახალ-დაბა; ბოცო-ჯვარი და აგარა“. ვარაუდობენ, რომ ეს ახალდაბაა ენი-რაბათი და იქ მდებარე ეკლესიაც ახალდაბის ეკლესიაა.

პირველ მსოფლიო ომამდე ენი–რაბათში გრიგორიანელი სომხები ცხოვრობდნენ და ეკლესიაც მათ ეკავათ. ისინი უვლიდნენ შენობას და ნაწილობრივ აღადგინეს კიდეც – როგორც ნ. მარი გვამცნობს, მის მოგზაურობამდე 40–ოდე წლით ადრე, 1860 წლებში. შეკეთებამ, რომელიც ყველაზე მეტად დასავლეთის მკლავს შეეხო, დაამახინჯა შენობა, მაგრამ იხსნა სწრაფი ნგრევისგან. ამჟამად ის, სხვა ეკლესიებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ დაზიანებას ვერ გადაურჩა.

ეკლესია მდებარეობს არტანუჯის სამხრეთით 18 კილომეტრით შორს, მდინარე არტანუჯისწყლის მარჯვენა ნაპირას, სწორი ბაქნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ციცაბო ერთკილომეტრიანი ბილიკის ბოლოს. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი, თუმცა არ აქვს არცერთი წარწერა.

ენირაბათი შეცდომით მიიჩნეოდა შატბერდად. თუმცა ამის საპირისპიროდ მიუთითებს ტაძრის გეგმა და წყობა, მისი არქიტექტურა, რომელიც განსხვავდება რეგიონის ხუროთმოძღვრული ტრადიციებისგან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა