თეგებით ძიება

„ლაფი რომ კარგად მოშრება, ისევ გააშენებენ სასტუმროებს და კოტეჯებს.. 8 წლის წინ, ვაკეში ლაფში ჩაფლულ ცხედრებს რომ ეძებდნენ, ახლა მაღალსართულიანი კორპუსები დგას...“ - ნინო თარხნიშვილი

რაჭაში მომხდარ სტიქიაზე, ასევე ამ კუთხით საქართველოში არსებულ ბოლო წლების გამოცდილებაზე ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„იქ, სადაც 8 წლის წინ, 2015-ში, მაშველები და მათთან ერთად ხალხი, ტალახსა და ლაფში ჩაფლულ ცხედრებს ეძებდნენ და პოულობდნენ, ახლა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დგას. ზოგში უკვე ცხოვრობს ხალხი, ზოგშიც მალე შესახლდებიან. პრესტიჟული ადგილია, ცენტრი, ვაკე-საბურთალოს გზაგასაყარი, უფრო ვაკე რა. არადა, მართლა გუშინ იყო, ტალახს რომ მიჰქონდა იქ სახლები და ადამიანები.

დღეს, რაჭაში, სადაც ტალახში ჩაკარგულ ხალხს ეძებენ მაშველები, ორ-სამ წელში, ლაფი რომ კარგად მოშრება, ისევ გააშენებენ სასტუმროებს და კოტეჯებს. უსაფრთხოების შესახებ გეოლოგებისა თუ ჰიდროლოგების და ა.შ. ანგარიშებსა და შეფასებებს ისევ დაახვევენ, დასრისავენ და ტრ..ში ამოიტარებენ. ზუსტად ისე, როგორც 2015 წლის ივნისის მერე.

აი, შემდეგ, თუნდაც 60 წლის შემდეგ, კიდევ რო გადაირევა ვერეს ხეობა, ამოწყვეტს და დაკარგავს ათეულობით ადამიანს, მედია ისევ ჩაწერს ინტერვიუებს სპეციალისტებთან, რომლებიც რაღაც ასეთს იტყვიან – “დიახ, იცით, გუშინ უიშვიათესი ფაქტი დაფიქსირდა, ეს გახლდათ ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების სინერგია, რამაც გამოიწვია ამ მასშტაბის ღვარცოფული მოვარდნა. მსგავსი ფაქტი სწორედ ამ ტერიტორიაზე დაფიქსირდა 2015 წელს, 60 წლის წინაც. მაშინაც ორი ათეული ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, განადგურდა ზოოპარკი. სამწუხაროდ, ნახევარი საუკუნის წინ დაშვებული იქნა შეცდომა და ამ, გეოლოგიურად საშიშ ტერიტორიაზე ხელისუფლებამ კვლავ დაუშვა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და დღეს ვიმკით შედეგს. ერთი მხრივ, წარსულში დაშვებული შეცდომის, მეორე მხრივ, წინასწარი შეტყობინების სისტემის კვლავ გაუმართაობის გამო”.

მთავრობა კი დაიგუგუნებს: “ბუნებრივი კატასტროფები ყველგან ხდება. არ შეიძლება ყველა ტრაგედიის პოლიტიკურ პრიზმაში გატარება, სამარცხვინოა ამაზე აპელირება და თქვენ ხართ უსირცხვილოები”… და ა.შ.

და მერე ჩვენც ვაღიარებთ, “ნუ არაუშავს, სამაგიეროდ, 60 წელი ხო ვცხოვრობდით მშვიდად. და ახლა 60 წელში ერთხელ ხალხი თუ ჩაიხრჩობა ტალახში, როგორმე ავიტანთ”…გადავყლურწავთ ბოლო ყლუპ ყავას, აივნიდან შევავლებთ თვალს ბეტონის კედელს, ღრმად ჩავისუნთქავთ და შვებით ვიტყვით – დღეს ხომ ცოცხლები ვართ და…

პ.ს. უკაცრავად, თუ უკეთესი მომავლის იმედი გაქვთ ვინმეს“, – წერს ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა