„ნაპოვნია მოზარდის ცხედარი“ - უახლესი ინფორმაცია შოვიდან
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
"დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი და დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნა ამ წუთებში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად აქტიური სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, სამწუხაროდ, არ მინდა რომ რაღაც ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შემდგომ არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდი და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ პროზექტურაში არიან გადასვენებული. ამ დროისთვის ოთხია, თუ არ ვცდები, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და ეს არის ამ დროის მდგომარეობა. დღევანდელი ცხედარი არც ერთი არ არის ამოცნობილი" - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.