თეგებით ძიება

„მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. მარიხუანით ისეთი ფსიქოზები ემართებათ, რომ ფსიქიატრიულში მოთავსება ხდება საჭირო“ - ნარკოლოგი ზაზა ჩიქოვანი

რამდენიმე დღის წინ შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 1339 შემოქმებული პირიდან 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. ნარკოლოგიური შემოწმების საგანგაშო შედეგებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ TIA.GE ნარკოლოგ ზაზა ჩიქოვანს დაუკავშირდა.

- ბატონო ზაზა, როგორ მოხდა, რომ შემოწმებულთა თითქმის 90% ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა? 

- ამ სტატისტიკამ ნამდვილად მიიქცია ყურადღება. ჩემი აზრით ასეთი შედეგი პოლიციის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, სამართალდამცავები კარგად იყვნენ ინფომირებულები მათზე, ვისაც სინჯავდნენ. მოგეხსენებათ დღეს ქუჩაში „უპრაგონოდ“ არავის აჩერებენ. თუ ადრე პოლიციელები ქუჩაში გამვლელბს აჩერებდნენ და მოშარდვას და ანალიზების ჩაბარებას აიძულებდნენ, დღეს ასე აღარ ხდება. ახლა პოლიციამ იცის ვინ უნდა გასინჯოს, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარებამ ისე მოიმატა, რომ ბევრი ძებნაც აღარ ჭირდება... 

- ნარკოტიკების მოზმარების ზრდას რას უკავშირებთ?

- ეს კომპლექსური პრობლემაა და ბევრ მიზეზს მოიცავს: შვილები მშობლებს ვერ ხედავენ, ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, არ მუშაობენ, არ სწავლობენ და თავიანთი წრე აქვთ, სადაც შეიძლება ნარკოტიკების მომხმარებელიც გამოერიოს. სტატისტიკურად, ერთი ნარკომომხმარებელი ათ ახალს ითრევს. ახლებს თავიდან ხან ჩუქნიან, ხან სამადლოდ აწვდიან, მაგრამ მერე უკვე თხოვენ - ამდენ ხანს გაძლევდი და ახლა შენ უნდა იშოვო და მომიტანოო.  მოხმარების ზრდის მიზეზია დეკრიმინალიზაციაც და ისიც, რომ ვიღაცამ ნაროტიკები მსუბუქად და მძიმედ დაჰყო. 

- ბევრისთვის მარიხუანაც მსუბუქი ნარკოტიკია, რომელსაც გოგოებიც ეწევიან...

- ეწევიან და მერე კვირაში ერთხელ ფანჯრიდან ხტებიან... ამიტომ ვამბობთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. მარიხუანით ისეთი ფსიქოზები ემართებათ, რომ ფსიქიატრიულში მოთავსება ხდება საჭირო, სადაც ადგილები აღარაა და სასწრაფოს პაციენტი ერთი კლინიკიდან მეორეში დაჰყავს. ფსიქოზების გარდა, მარიხუანა განვითარებაში ჩამორჩენასაც იწვევს. ადრე თუ გვიან მშობლები ამჩნევენ, რომ მათი გონებაგახსნილი შვილი ვეღარ სწავლობს და ახლის ათვისება უჭირს, შვილი სპეციალისტთან მიჰყავთ და იგებენ, რომ ახალგაზრდა ნარკომომხმარებელია. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი, ველური მარიხუანის გარდა, ადამიანის გამოყვანილი ჰიბრიდული ჯიშებიც არსებობს, რომლებშიც ნარკოტიკის შემცველობა ასჯერ და ათასჯერ მაღალია. ასეთ მარიხუანას ბოთლით ეწევიან,  რაც მაღალ კონცენტრაციას ახდენს და უფრო მძიმე შედეგები აქვს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ტექნოლოგიები და ნაწილობრივ გასაღებაც ლეგალური გახდა. გუშინწინ რეკლამა  შემხვდა, ამა და ამ ადგილზე, მაღაზიაში მარიხუანის თესლი იყიდება და მობრძანდით, იყიდეთო - გვეპატიჟებიან.

- როდესაც პოლიტიკური პარტია მარიხუანის კულტივირებას ტელეკამერების წინ, საჯაროდ ახდენს, რეკლამა რა გასაკვირია?  

- დიახ, ტელევიზორში გვაჩვენეს როგორ დათესა ამ ხალხმა მარიხუანა და ხელი არავინ დააკარა. კი ბატონო, პოლიცია მივიდა და გამოსაკვლელად წაიღო, რომ დაედგინათ ნამდვილად კანაბისი იყო თუ არა, მაგრამ პასუხი არ გაგვიგია, როდესაც კოდექსში გვიწერია, რომ მარიხუანას მოშენება დასჯადია. 

- როგორც  ვიცი, ნაკლებ პრობლემებს არც სააფთიაქო ნარკომანია წარმოადგენს. ბევრი აფთიაქის დახურვის და დაჯარიმების მიუხედავად, ნარკომანებითვის ფსიქოტროპული მედიკამენტები მაინც ხელმისაწვდომია.

- სანამ მოთხოვნა არის, ბაზარი იარსებებს. ნარკოდამოკიდებულების გარდა, არსებობს  წამალდამოკიდებულებაც. მაგალითად, მე მყავდა პაციენტი, რომელიც ყოველდღიურად  15-20 ცალ ვალოკორდინს სვამდა იმიტომ, რომ ეს მედიკამენტი საძილე წამალს - ბარბიტურატს შეიცავს. ასე, რომ ყველაფერს შეიძლება მიეჩვიო, სტიმულატორებზე დამოკიდებულება და ქცევითი დამოკიდებულებაც არსებობს: ტელევიზორი, ინტერნეტი, კაზინო, კარიერა, სკამი... ეს უკანასკნელი ძალიან დიდი ნარკოტიკია. ასე, რომ ნებისმიერი ნივთიერება თუ ქცევა, რომელიც მიჩვევას იწვევს ნარკოტიკია..

- თუმცა, მათგან მიყენებული ზიანი განსხვავდება...  არის თუ არა მეტადონის პროგრამა პრობლემიდან გამოსავალი?

- სახელმწიფოსთვის ნაწილობრივ გამოსავალია, იმიტომ, რომ ამით „შავი ბაზრის“, ქურდობის და ბანდიტიზმის პრობლემები მოიხსნა. 

- ნარკომანისთვის? 

- მისთვისაც ნაწილობრივ, გამოსავალია - ქურდობა და ყაჩაღობა აღარ სჭირდება, მივა და დალევს. ბევრი  8-10-15 წელი დადის, როგორც სამსახურში. ზოგს უნდა, რომ მთლიანად თავი დაანებოს, მაგრამ ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა. რა თქმა უნდა, აქვს რემისიები ანუ ნათელი პეროდი და აქვს გამწვავება ანუ რეციდივი. შეიძლება რემისია რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი გაგრძელდეს, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე რემისიის პერიოდში იყოს, როგორც სხვა ქრონიკული დაავადებების, მაგალითად, დიაბეტის შემთხვევაში ხდება. მერე რაღაცას შეჭამს, შაქარი აუწევს, ასეა ნარკომანებშიც.

- საუბრის ბოლოს მოზარდების მშობლებს რას ურჩევდით, რომ პრობლემა დროულად შენიშნონ?

- სამწუხაროდ, ბევრ მშობელს შვილისთვის არ სცალია. ზოგი ორ და სამ სამსახურში დარბის, ვინც არ დარბის და ფული მზამზარეულად მოსდის, იმათ მით  უმეტეს, ეს ფული როგორმე უნდა დახარჯონ თავისნაირებთან. ბევრი მშობელი ქვეყანაშიც არაა... მშობლებს ვურჩევდი, რომ ყველა საქმე გვერდით გადადონ და შვილებთან კონტაქტი იქონიონ.  თუ შვილის ქცევაში სხვა ნოტებს შენიშნავენ, მაგალითად,  მოზარდი ჩაიკეტა, ზედმეტად მოწყენილი ან ზედმეტად მხიარულია, სხვა წრე გაიჩინა და ა.შ. ეს შეიძლება განგაშის მიზეზი იყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა