„ეს უბანი ტრანსპორტის მხრივ ისედაც გადატვირთულია და მსგავსი მასშტაბის კომპლექსის მშენებლობა ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს“ - ლადო ვარდოსანიძე
თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა სამშენებლო ნებართვების გაცემას თბილისის რამდენიმე რაიონში რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, საიდანაც ყველაზე მაღალი 169-სართულიანი იქნება, აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში. წარმოდგენილი პროექტებიდან ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილი 52-სართულიანი კომპლექსის პროექტი, რომელიც ორ ცათამბჯენს მოიცავს. საკრებულოს დეპუტატებს შორის კამათის მთავარი თემა სწორედ ეს პროექტი იყო.
„ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი პროექტის შესახებ TIA.GE-ს არქიტექტორ-ურბანისტი, პროფესორი, ლადო ვარდოსანიძე ესაუბრა.
„ის მოსაზრება, რომ აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა საშიშია და ძველ ქალაქს რაიმე საფრთხეს უქმნის, სწორი არ არის. აქ პრობლემა უფრო მეტად ტრანსპორტის საკითხი გახლავთ - ეს უბანი ტრანსპორტის მხრივ ისედაც გადატვირთულია და მსგავსი მასშტაბის კომპლექსის მშენებლობა ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. მოგეხსენებათ, გმირთა მოედანმა ვერ გადაწყვიტა ის ამოცანა, რომელიც მის წინაშე იდგა - სატრანსპორტი კვანძი ვერ გახსნა, და სავარაუდოდ, აქაც იგივე იქნება. ამიტომ სანახავია სატრანსპორტო სქემა როგორ წყდება... და , ასეთი ლოკალური გადაწყვეტილებები თბილისის მაღლივ მშენებლობას ვერ გადაწყვეტს. დიდი ხანია დგას თბილისში მაღლივი შენობების მშენებლობის საკითხი.... თანამედროვე ქალაქი ვერ გაექცევა მაღლივ შენობებს, მაგრამ მათი მთელ ქალაქში ასე ლურსმნებივით ჩარჭობა არ არის გამართლებული. ჩვენ, ურბანისტები, ხელისუფლებას ამისთვის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას ვთავაზობთ, სადაც ჩვენი აზრით გამართლებულია ე.წ. თბილისური მანჰეტენის მოწყობა. ამ ტერიტორიაზე არის ყველანაირი ინფრასტრუქტურა, სატრანსპოტო, საქალაქთაშორისო, მეტრო და ა.შ. შეიძლება იქ აშენდეს ძალიან კარგი ცენტრი, ეს სჭირდება თბილისს“, - აცხადებს ვარდოსანიძე.
მისი თქმით, პრობლემას არც აღნიშნული ცათამბჯენების ვერეს ხეობასთან სიხალოვე წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ იქნება მიღებული საჭირო ზომები.
„ეს არ არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში... ყველაფრის გაკეთება შეიძლება, შეიძლება ვერეს ნაწილის გახსნაც, სხვადასხვა ზომების მიღება, ჰიდროლოგიური, ჰიდროტექნიკური და ა.შ. ბოლოსდაბოლოს გვირაბი გაიყვანეს ინგლისსა და საფრანგეთს შორის ზღვის ქვეშ... ასე რომ ყველაფერი გადაწყვეტადია თუ ჭკვიანურად მიუდგები“, - აცხადებს ვარდოსანიძე TIA.GE-სთან.