სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი აღმოაჩინეს
გორში, სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი აქვეყნებს.
"დიდი მადლობა, ცნობილ ქართველ არქეოლოგს, ბატონ გოგი მინდიაშვილს, რომლის შრომამ დიდი შედეგი მოიტანა. დიდი მადლობა არქეოლოგ ირაკლი სოზიაშვილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტშია ჩართული“, - წერს "ფეისბუქის“ პირად გვერდზე სოსიაშვილი და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენის შესახებ განმარტებას აკეთებს:
"ორი ხარი არის ჩატანებული ოთხთვალა საზიდრიანად (დასაკრძალავი ეტლი), რომლის დანიშნულებაც არის საიქიოში მოგზაურობა ტომის წარჩინებული წევრისა. [აღმოჩენილია] როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით, არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთები... ერთ მეტრზე მეტი დიამეტრი სიგრძის მქონე თვლების. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს, ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, რას მოგვცემს ამათი აღდგენა, აღდგენის გარეშე ძალიან ძნელია რაღაცაზე ვილაპარაკოთ. შიდა ქართლში ამის მსგავსი სამარხი ჯერ აღმოჩენილი არ არის“. - აცხადებს არქეოლოგი.